31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი უსრულდება. ეს საიუბილეო თარიღი საქართველოში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით:
- ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტა გამოსცემს მისი სახელობის მარკას;
- განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის ფონდთან ერთად ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დაააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას;
- ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც გამოიფინება მისი ნაშრომები, ფოტოები და წიგნები;
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი,
- საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
ზვიად გამსახურდია, ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, 1939 წლის 31 მარტს დაიბადა; იყო ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი; საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის აპრილში აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს. იგი 1993 წლის 31 დეკემბერს, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში; გამოძიება საქმეზე რამდენჯერმე განახლდა, ბოლო გადაწყვეტილება 2018 წლის დეკემბერში მიიღეს.