Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა


ალჟირში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა.

ეს ცნობა გაავრცელა ალჟირის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ მალევე მას შემდეგ, რაც ქვეყნის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, აჰმედ გაედ სალაჰი გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული ზომები პრეზიდენტის პოსტიდან ბუტეფლიკას მოსაცილებლად.

სამხედროებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა განცხადება, რომ ბუტეფლიკა გადადგება 28 აპრილს პრეზიდენტობის მეოთხე ვადის ამოწურვამდე. მათ პრეზიდენტის დაუყოვნებლივ წასვლა მოითხოვეს.

ალჟირის კონსტიტუციით, პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ქვეყნის დროებითი ლიდერი ხდება პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე. საპრეზიდენტო არჩევნები 90-დღიან პერიოდში უნდა გაიმართოს.

ალჟირში ექვსი კვირა გრძელდება ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ბუტეფლიკას გადადგომის მოთხოვნით.

აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 82 წლის ლიდერმა, რომელმაც ინსულტი გადაიტანა და საჯაროდ თითქმის აღარ ჩნდებოდა, მეხუთე ვადითაც წამოაყენა თავისი კანდიდატურა.

დემონსტრაციების ფონზე, ბუტეფლიკამ უკან წაიღო თავისი კანდიდატურა, მაგრამ რამდენიმე თვით გაიხანგრძლივა პრეზიდენტობის ვადა. საპროტესტო გამოსვლები არ შემწყდარა.

30 მარტს ასიათასობით აქტივისტი გავიდა დედაქალაქ ალჟირის ქუჩებში მოქმედი პროეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

ბუტეფლიკა, რომელიც მონაწილეობდა ალჟირის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და სათავეში ედგა საგარეო საქმეთა სამინისტროს, 1999 წელს გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG