Accessibility links

site logo site logo

სანზონაში დაღუპული 4 წლის გოგონას მამინაცვალი შვილების დაბრუნებას ითხოვს


“ვითხოვ, ჩემი შვილები დამიბრუნონ, რომლებიც წამართვეს. თუ ჩემ შვილებს არ დამიბრუნებენ, იძულებული გავხდები ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა”, - ამბობს სანზონაში დაღუპული 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი.

3 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

არკადი ძავაშვილის განმარტებით, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის, ბაბულია ძავაშვილისა და ლუკა ქსოვრელის ადგილსამყოფელი 22 იანვრის შემდეგ არ იცის.

„ჩემი შვილები დამიბრუნონ! სად არიან არ ვიცი და არც მეუბნებიან, მაჩვენონ, რომ ცოტა დავწყნარდე, ორივე ჩემი შვილია. სახლში მივიყვან და მივხედავ. მთავრობა ახლა თუ მეხმარება, დაუნიშნონ ჩემს ბავშვებს ძიძა, მეც მივხედავ. უფროსი შვილი და სიდედრიც დამეხმარებიან. ბავშვები 22 იანვრის შემდეგ არ მინახავს, ძალიან ცუდად ვარ მათი უნახაობით", - ამბობს არკადი ძავაშვილი.

მისივე თქმით, ლელა ქსოვრელი უსამართლოდაა დაკავებული და ის ბავშვებზე ფიზიკურად არ ძალადობდა.

„ლელა ქსოვრელის დაკავება უსამართლოა. ლელას მხრიდან ძალადობის ფაქტები ამ ბავშვებზე არ აღინიშნება. იმ საღამოს ლელამ ბავშვი აბანავა. სახლში რომ მივედი, ღამის 2 საათი იყო, მეუღლემ მითხრა, ბავშვი სახლში ვაბანავე, გადმომიხტა, თავით დაეცაო და ხვალ იქნებ პოლიკლინიკაში წავიყვანოთო. მანამდე ბავშვს სიცხე, ვირუსი ჰქონდა, ელოდებოდა ვირუსი გასვლოდა, რომ ებანავებინა. 10 საათზე უნდა წაგვეყვანა ბავშვი პოლიკლინიკაში“.

როგორც ვიცი, პოლიციას სახლიდან რაღაც რკინა წაუღია, ვითომ, ბავშვისთვის ეს რკინაა ჩარტყმული და ამით არის მკვდარი. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ანაბეჭდები უნდა ამოვიდეს", - აცხადებს ქსოვრელის მეუღლე.

ის კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას, რის მიხედვითაც, ლელა ქსოვრელი შვილზე სისტემატიურად ძალადობდა.

თავდაპირველად ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ლელა ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

მომდევნო სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 22 აპრილს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG