Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: ნატოში საქართველოს მისაღებად საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, რომელიც ნატოს გაფართოების საკითხებს მიეძღვნა.

ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ნატოს დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

როგორც დავით ზალკალიანმა თქვა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს გაწევრიანებაზე ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე შეთანხმდა და ქვეყანას აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

„რაც რჩება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო განაგრძობს მტკიცე ორმხრივ თანამშრომლობას მოკავშირეებთან და ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან, რომელთან ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. მინისტრის ინფორმაციით, თანამშრომლობა ვითარდება საფრანგეთთან, გერმანიასთან და სხვა მოკავშირეებთან. "ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოში გაწევრიანებასთან და გვამზადებს იმ მომენტისთვის, როცა იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილება ალიანსის მხრიდან" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა აძლიერებს თავდაცვით საშუალებებს, სამხედრო ხარჯები კი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს აჭარბებს, რაც ნატოს ერთ-ერთი მოთხოვნაა. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას და ამ მიზნით ნატოელ პარტნიორებთან ბრიუსელის სამიტზე შეთანხმებულ ნაბიჯებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის მეირ განხორციელებულ აგრესიაზეც. ზალკალიანის განცხადებით, ის, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, იყო იმის რეპეტიცია, რაც 2014 წელს რუსეთმა უკრაინაში გააკეთა.

„რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაცია მოხდინა, რაც ახლაც გრძელდება. რუსეთი აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას შავ ზღვაში, აფხაზეთის რეგიონში” - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიას საქართველო პასუხობს ევროატლანტიკური ინტეგრაციით, რაც მთავრობას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული და ეს ჩაიწერა ქვეყნის კონსტიტუციასა და პარლამენტის რეზოლუციებშიც. ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და თავისფალი მედია და აშენებს აქტიურ დემოკრატიულ საზოგადოებას და თავისუფალ ეკონომიკას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველო ავღანეთში ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია და იქ 800-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. დავით ზალკალიანმა პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.

“რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის პირობებში, მთავარი სტრატეგიული ამოცანა, რაც გულისხმობს ერთიან და მშვიდობიან ევროპას, ჯერ შესრულებული არ არის,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში, ნატოს გაფართოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG