Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზორია: საქართველო-ნატოს მომავალ წვრთნებს უფრო დიდი მასშტაბი და დატვირთვა ექნება


ლევან იზორია
ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ბოლო სამი წელია უპრეცედენტო დინამიკით ვითარდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი ამბიციური ინიციატივაა.

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას იზორიამ თქვა, რომ ამ ცენტრში, მარტში ჩატარებული ერთობლივი წვრთნების და ზოგადად, ნატოსთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის და სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა, რეფორმების და პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.

ლევან იზორიას თქმით, გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასება, რომ საქართველოს თავდაცვის სფეროში შთამბეჭდავი რეფორმებია, ნატო-საქართველოს ერთობლივი მონაპოვარია და კიდევ უფრო განვითარდება.

„ეს გვაძლევს მტკიცე რწმენას, მოტივაციას და საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ ახლო მომავალში გავხდებით ნატოს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიას ინფორმაციით, ნატოსთან ერთად ჩატარდა გაწევრიანების პრაქტიკული ინსტრუმენტის, „არსებითი პაკეტის“ შეფასების კონფერენცია, სადაც საქართველო დასახელდა სამაგალითო და სამოდელო ქვეყნად ალიანსის სხვა პარტნიორებისთვის და საქართველო იწყებს ამ ქვეყნების მხარდაჭერას, რათა მათაც განახორციელონ მსგავსი რეფორმები.

იზორიას ცნობითვე, 2020 წელს, როცა ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში განახორციელებს თავის ოპერაციულ ფუნქციებს, ნატო მუდმივ საწყისებზე განსაზღვრავს 5 პოზიციას ალიანსის წარმომადგენლებისთვის.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები ნიშნავს მეტ ნატოს საქართველოში და მეტ საქართველოს ნატოში.

ლევან იზორიას ინფორმაციით, ერთობლივ ცენტრში მარტში ჩატარებული წვრთნების დროს, ამერიკელ ადმირალ ფოგოსთან ერთად დაიგეგმა ნატო-საქართველოს მომავალი, ამბიციური სწავლება, რომელიც 2022 წელს ჩატარდება და გაცილებით დიდი მასშტაბი და მეტი ფუნქციური დატვირთვა ექნება.

ლევან იზორიას თქმით, საქართველო მაქსიმალურ წვლილს შეიტანს ნატოს აქტივობაშიც, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებას.

XS
SM
MD
LG