Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე ია კერზაიას საქმეზე: წამზომზე აპელირება შეიძლება არ იყოს სწორი


ზუგდიდის სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ის ამ თემაზე ევროპარლამენტარების წერილსაც შეეხო. პრემიერი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა საქმეს დროულად და პროფესიონალურად გამოიძიებს.

„ეს არის ადამიანური ტრაგედია და მე კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ინტერესია, ამ ტრაგედიის გარშემო თითოეული დეტალი გაირკვეს. ჩვენ, ამავე დროს, მოვისმინეთ განათლების მინისტრის კომენტარი და ის ყოველთვის მზად არის, რომ საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვიცით, რომ პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. მე ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს გამოძიების შედეგების დადგენა არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერ საკითხზე, სადაც მაღალი საჯარო ინტერესია. აქვე მინდა ვთქვა, რომ მეც მაქვს ეს ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა, რეალურად რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ, შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. ჩვენ გვსურს, თითოეული დეტალი და ნიუანსი გაირკვეს, საგამოძიებო ორგანოებმა იციან ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, ევროპარლამენტარების რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა.

„წერილის შინაარსის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ეყრდნობოდა ეუთოს დასკვნას. ამასთან, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ასოცირების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში ევროპარლამენტში უკვე დამტკიცდა წარმატებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც დასაკორექტირებელი გვაქვს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

XS
SM
MD
LG