Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა გვენეტაძე: ახალმა საბანკო რეგულაციებმა უმძიმესი შედეგები აგვაშორა


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გარკვეული პრობლემები შეუქმნა ახალმა საბანკო რეგულაციებმა. ამ შინაარსის განცხადება კობა გვენეტაძემ 5 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

თუმცა, მისი თქმით, დაკრედიტების ახალი სისტემის შემოღების გარეშე, რამდენიმე წელიწადში საქართველო უმძიმესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა.

„სხვა ქვეყნების გამოცდილებით დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩვენი ყველას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება, მშპ-სთან მიმართებაში, 15%-დან 40%-მდე გაიზარდა და დაკრედიტების ზრდის ტემპი საკმაოდ აღემატებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპის მაჩვენებელს - „თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევს მძიმე პრობლემებს“.

“სხვადასხვა კომპანიისა და ფინანსური ინსტიტუტის სრულიად უპასუხისმგებლო, ე.წ.-მა მტაცებლურმა, აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. 700 ათასამდე მოქალაქე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ასი ათასობით ადამიანს მის შემოსავალთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი სესხები გააჩნდა”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, დაკრედიტების ზრდის დინამიკაში 2/3 ისევ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა და მხოლოდ 1/3 იყო ბიზნესების დაკრედიტების წილი.

„ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რაც, ხშირ შემთხვევაში, მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა. ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორიცაა - მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნესსესხები“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესის დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას გაცილებით მაღალი ეფექტიანი ზეგავლენა ექნება ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე, ვიდრე ეს სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში ხდება.

XS
SM
MD
LG