Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ აშშ აპირებს ტერორისტულ ორგანიზაციად აღრიცხოს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი


აშშ-ის მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ვაშინგტონი მალე უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღრიცხავს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ვაშინგტონი ამ სტატუსს მიანიჭებს სხვა ქვეყნის არმიას.

"უოლ სტრიტ ჯორნალი" და როიტერსი, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 5 აპრილს იუწყებოდნენ, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა უკვე 8 აპრილს განათავსოს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.

ამ ნაბიჯის შესახებ უკვე რამდენიმე წელია არის საუბარი. აშშ-ს რევოლუციის გუშაგთა საბჭოს რადიკალური ფრთა, ყუდსთა დანაყოფი და ორგანიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი თუ უწყება უკვე ჰყავს შეყვანილი ტერორისტთა სიაში, თუმცა არა გუშაგთა კორპუსი მთლიანად.

ანალიტიკოსების თქმით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შინ იცავს ისლამურ წესებს და ახშობს კრიტიკას, ირანის გარეთ კი მონაწილეობს საიდუმლო ოპერაციებში, იარაღის ტრეფიკინგში და სხვა ოპერაციებში, რომლებიც მიზნად ისახავს ირანის გავლენის გაფართოებას. გუშაგთა კორპუსი პირდაპირ ექვემდებარება უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG