Accessibility links

site logo site logo

მმართველმა პარტიამ ზუგდიდელებს მერობის კანდიდატი წარუდგინა


„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდის მერის პოსტზე გიორგი შენგელია იქნება - 6 აპრილს ის მმართველმა გუნდმა ზუგდიდში შეკრებილ ხალხს ოფიციალურად წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

„დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კონსოლიდაციას, რომ გავიმარჯვოთ. ეს არ იქნება გეგას გამარჯვება - ეს იქნება რეგიონის და ქალაქის გამარჯვება. დავდგეთ ერთად რომ ვიზრუნოთ რეგიონზე და ზუგდიდზე. ამ სულისკვეთებით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერი მამუკა ბახტაძის სიტყვებით, "გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს?! დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებ".

ბახტაძე ადგილობრივებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებას დაჰპირდა:

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება. შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი კი, საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, აფხაზეთის საკითხს შეეხო:

„თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, ვართ ძლიერები, ვართ ერთიანები და ვვითარდებით, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ გაერთიანების დრო დადგა. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს. ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი ძლიერი სახელმწიფო. ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში 2019 წლის 19 მაისს მერობის რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG