Accessibility links

site logo site logo

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი პოლიციაში მოწმის სტატუსით დაიბარეს


დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმის სტატუსით თავის დაცვის ქვეშ მყოფის მაგივრად დაიბარეს, სადაც ის ასევე თავის ადვოკატთან ერთად მივიდა.

სამეფო ოჯახში მიმდინარე დავა გრძელდება და როგორც ცნობილია, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ლევან ჩხეიძე მედიასთან აცხადებს, რომ ის ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, ხოლო რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან იცის, იმ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არა აქვს.

„პირველი აპრილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც. მაგრამ 5 აპრილი, მგონი, ხუმრობის დღე არ არის. ადვოკატის მოწმედ დაბარება საქმეზე ჩემთვის წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, გამოძიებას ისე უჭირს, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ჩემგან უნდათ, რაიმე მტკიცებულებები ამოიღონ“, -უთხრა ლევან ჩხეიძემ ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, ადვოკატის ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, რომ მხოლოდ გამომძიებლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ მისცეს თუ არა ჩვენება ამ საქმეზე ლევან ჩხეიძემ, რადგან კანონი იცავს ადვოკატის მიერ მიღებულ ინფორმაციას გამჟღავნებისგან.

„ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ რატომ მოხდა ჩემი კოლეგის ლევან ჩხეიძის დაბარება. ჩვენ, ბუნებრივია, შევალთ, შევხვდებით გამომძიებელს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენება მისცეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თუ არა“, - განაცხადა კახა წერეთელმა.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, მან საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG