ბათუმის სპორტის სასახლის ახალ შენობაში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად გახსნა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი.
პრეზიდენტის განცხადებით, ის, რომ ამ ჩემპიონატს სწორედ ბათუმი მასპინძლობს, იმის დასტურია, რომ საქართველომ ძალოსნობის სპორტულ სახეობაში საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა მოიპოვა.
“ეს დიდი დღეა საქართველოსათვის. მსოფლიოს სპორტული სამყაროს ნდობის მოპოვება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების დამსახურებაა, რომლებსაც მინდა მივულოცო ამ შეჯიბრის დაწყება და წარმატება ვუსურვო ჩემპიონატის მონაწილე ყველა სპორტსმენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ქალი სპორტსმენის, თათია ლორთქიფანიძის საკითხსაც შეეხო.
“მე, როგორც ქალი პრეზიდენტი, არ შემიძლია არ ვიყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული ჩემპიონი თათია ლორთქიფანიძე, გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ მონაწილეობს ამ ჩემპიონატში და იმედი მაქვს, რომ ეს არ უკავშირდება ქალის მიმართ დისკრიმინაციას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ქალთა რიცხვში საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე სტატუსში აღდგენას და ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას მოითხოვს. თათია ლორთქიფანიძის მამა, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მისი შვილი შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს.