Accessibility links

site logo site logo

ზვიად კვაჭანტირაძემ ბრალი დასდო ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში


6 მარტს რუსთავში გაიმართა ეკა ბესელიასა და კიდევ 12 პარლამენტარის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პრეზენტაცია.

პარლამენტარმა ზვიად კვაჭანტირაძემ 6 მარტს ბრალი დასდო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს იმის თქმა, რასაც ვამბობ. არავინ არასდროს არ გამიღმერთებია მაგრამ... ჩვენ მივყევით ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] და მივყევით სადამდეც შეგვეძლო, მაგრამ დავინახეთ, რომ ერთი ადამიანის ხელში არის კონცენტრირებული აბსოლუტური ხელისუფლება“, - თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ რუსთავში, ეკა ბესელიასა და კიდევ 12 პარლამენტარის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პრეზენტაციის დროს. კანონპროექტი შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს. ინიციატივა განსხვავდება ამავე საკითხზე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტისგან.

„ივანიშვილი ინტერესდება ყოველთვის იმ საკითხებით, რომლებიც მას აინტერესებს და იქ ვერავინ ცხვირს ვერ ჩაყოფს. მის გარეშე ასანთის ღერი ვერ გადაადგილდება, მაგრამ არის თემები, რომლებიც მას არ აინტერესებს. ამ შემთხვევაში იქ არაფერი კეთდება, არც ცუდი, არც კარგი. ეს არის ქვეყნის უბედურება“, - თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ. მან დასძინა, რომ ამავე მიზეზით ქვეყანას ჰყავს „უსუსური მთავრობა“. მისივე განცხადებით, ის, რაც ხდება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ხდება ივანიშვილთან შეთანხმებით.

„მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ თუკი ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] დაინახავს, რომ საზოგადოებას სხვა განწყობა აქვს, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა.

რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლეების არჩევას ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის გზით, ალტერნატიული და კარგი რეპუტაციის მქონე მოსამართლეებს შორის უნდა ხდებოდეს და არა დანიშვნით, რომელსაც პრაქტიკულად პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG