Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ მიიჩნია, რომ ტრანსგენდერი ქალი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან


რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ მიჩნია, რომ ერთ-ერთმა გამომცემლობამ უკანონოდ გაათავისუფლა ტრანსგენდერი ქალი, რომელიც იქ წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც მამაკაცი. რუსეთის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას "უპრეცედენტოს" უწოდებენ.

ფრუნზეს რაიონულმა სასამართლომ 9 აპრილს დაადგინა, რომ გამომცემლობამ ანა გრიგორიევა სამსახურში უნდა დააბრუნოს და 10 000 რუბლი (155 ამერიკული დოლარი) გადაუხადოს მორალური ზიანისთვის, 1.8 მილიონი რუბლი (27 800 დოლარი) კი ხელფასის ანაზღაურების სახით.

გრიგორიევა, რომელიც გამომცემლობაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, სამსახურიდან 2017 წელს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მან რეგისტრაცია ქალად გაიარა. მისი დამსაქმებლის თანახმად, ის იმიტომ გაათავისუფლეს, რომ საქმე, რომელსაც ის აკეთებდა, კანონით მხოლოდ მამაკაცმა შეიძლება შეასრულოს. რუსეთის მთავრობის მიერ 2000 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ქალებს ეკრძალებათ მუშაობა 35-ზე მეტ მრეწველობაში და 450-ზე მეტ კონკრეტულ სამუშაოზე, რომლებიც სახიფათოდ ან მძიმედ მიიჩნევა. კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ჰგავს საბჭოთა დროს მოქმედ წესებს, რომელთა მიზანი იყო ქალებისთვის კომუნისტური პარტიის მიერ "ტრადიციულად" მიჩნეული როლების მინიჭება, რაც ითვალისწინებდა შვილების ყოლას საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG