Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში პუტინის ფოტო დაწვეს


გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ, სადაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმირ ხომერიკი საზოგადოებას ხვდებოდა, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ვლადიმირ პუტინის ფოტო დაწვეს. ხომერიკი პუტინის პოლიტიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

„რუსეთი არის მეზობელი, რუსეთი არის დიდებული და ის არის ჩვენი ბედის განმსაზღვრელი. ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ“, - ეს სიტყვები ვლადიმირ ხომერიკმა გორში წარმოთქვა. ხომერიკის ამ სიტყვებთან ერთად კინოთეატრის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

„ეს არის უკიდურესი სირცხვილი, ქალაქში, სადაც რუსეთმა 2008 წელს ბომბები ჩამოყარა, დღეს მის სიყვარულზე და სიკეთეზე გველაპარაკებიან. ეს არის სირცხვილი იმ გმირების წინაშე, ვინც სისხლი დაღვარა საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში", - ასე შეაფასა ვლადიმირ ხომერიკის გორში ჩასვლა სამოქალაქო აქტივისტმა არინა თავაქარაშვილმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კინოთეატრის დარბაზში შევიდნენ და ხომერიკსა და მასთან შეხვედრაზე მისულ ადამიანებს 2008 წლის ომი და რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები შეახსენეს.

"სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა", "STOP RUSSIA"," რუსეთი კლავს" - ამ ტრანსფარენტებით გამოვიდნენ ქუჩაში ახალგაზრდები და როგორც თავად განმარტეს, შეხვედრის მონაწილეებს რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია შეახსენეს. მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარისკაცები ქართულ მიწებზე დგანან და ყოველდღიურად ქართულ ტერიტორიებს იტაცებენ, ასევე ადგილობრივებს აშინებენ და საკუთარ ნაკვეთებში აკავებენ, მსგავსი შეხვედრები ომგამოვლილ ქალაქში არ უნდა იმართებოდეს.

ვლადიმირ ხომერიკის შეხვედრას "ევროპელ ინიციატორთა ასოციაციაც" გამოეხმაურა. ორგანიზაციაში აღნიშნულ შეხვედრას დესტრუქციულს უწოდებენ და სახელმწიფოსგან ადეკვატურ რეაქციას მოითხოვენ

"გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ქალაქმა გორმა და მისმა მოსახლეობამ 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და დღემდე მწვავე პრობლემად რჩება ჩვენი ქვეყნის წინაშე ქ. გორის რაიონების მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია, იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების გატაცება, ძარცვა, წამება და სიკვდილიც კი. ამას გარდა რამდენიმე წელია ისტორიულ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართული კულტურის ძეგლების ვანდალური ხელყოფა საოკუპაციო რეჟიმის მიერ. რუსული სახელმწიფო სტრუქტურები ფინანსური, სამხედრო და ინფრასტრუქტურული რესურსებით ეხმარებიან დე ფაქტო, არაკანონიერ ხელისუფლებას და ლობირებენ საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე მის დე იურე აღიარებას. ვლადიმირ ხომერიკი ასევე გამოირჩევა კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკისადმი სიმპათიებით, თავადვე აცხადებს, რომ არის ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და მტრობს საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში მან განაცხადა: “არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ოკუპაცია სულ სხვა რამეა, აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია რუსეთი. რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს“, - მსგავსი ტიპის განცხადებები შეურაცხყოფს ქართული საზოგადოების ღირსებას. ნათელია, ამ განცხადების ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს. ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია, რასაც ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს საქართველოს სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან". - აღნიშნულია ევროპელ ინიციატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG