Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ერთი არ არის გათვალისწინებული


22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 ძირითადი რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა. ამ ცვლილებამ, ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეორე მოსმენის პროცესში ჩაერთო და კონსულტაციები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. შედეგად, ზურაბიშვილის განცხადებით, დამატებით გათვალისწინებულია სამი რეკომენდაცია.

"მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა, ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი ძირითადიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს".

პრეზიდენტის განცხადებით, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია "ქმნის ერთგვარ უხერხულობას", რადგან ფარული კენჭისყრა. 2014 წელს სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG