პანკისელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. გარემოსდამცველებმა და აქტივისტებმა დაგმეს 21 აპრილს ხეობაში გამოვლენილი ძალადობა, ჰესის მშენებლობის გეგმა და ხელისუფლების მხრიდან ხალხის ნების იგნორირება.
აქციის ორგანიზატორმა, გარემოსდამცველმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც კვირას პანკისის ხეობაში მოხდა.
„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, კვლავ არ დაძაბოს სიტუაცია, არ მოახდინოს ძალადობის პროვოცირება და ხელი არ დაადოს პანკისის ხეობის არცერთ მოსახლეს.
პანკისელებს მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რომ არ აყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას, არ დაამძიმეს სიტუაცია და ამასთანავე, მთელი საქართველოსთვის იცავენ ჩვენს უნიკალურ კუთხეს, უნიკალური ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით...
რა თქმა უნდა, გამოძიება საჭიროა, მაგრამ დამნაშავე ცნობილია - თავდასხმა მოხდა ხელისუფლების მხრიდან, შსს-ს მხრიდან, სპეცრაზმის მხრიდან... ხოლო თავდაცვის უფლება გააჩნია თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეებისთვის გასაგებია, თუ რატომ ეწინააღმდეგება ჰესის მშენებლობას პანკისის ხეობის მოსახლეობა. "ასეთ შემთხვევაში სოფელ ბირკიანს აღარ ექნება წყალი, უწყლოდ კი ხალხი გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდება", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.