Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს


ორდღიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გოჩა ფიდიური ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გოჩა ფიდიური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებია. 20 აპრილს იგი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლომისის სალოცავთან იმყოფებოდა, როცა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სოფელი მეჯვრისხევი ოკუპაციის ხაზს მიღმა მდებარე სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ, ბაზაზე მყოფი რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები კი გამყოფი ხაზის გასწვრივ ხშირად პატრულირებენ.

ფიდიურის დაკავებისთანავე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი ამოქმედდა, ქართველმა სამართალდამცავებმა კი მისი გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები დაიწყეს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ფიდიური ქართველ პოლიციელებს გადასცეს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მისი გამოკითხვის შემდეგ ფიდიური საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG