საპენსიო შენატანებს, კერძო სექტორის შემთხვევაში, სარგებელი კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშზე ერიცხება, ხოლო სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მიერ შეტანილი თანხისთვის სარგებლის დარიცხვა ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე ხდება. სარგებლის დარიცხვის მექანიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია დეპუტატებს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ მიაწოდა.
სააგენტოს ხელმძღვანელის ანგარიში დეპუტატებმა 23 აპრილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს.
„ჩვენ ანგარიში გახსნილი გვაქვს 10 კომერციულ ბანკში. მათთან ელექტრონული სისტემით ვართ დაკავშირებული და თუკი კომპანიას იმავე ბანკში აქვს სახელფასო ანგარიშები, იქიდან პირდაპირ გადასვამს და ხარჯი არა აქვს. შესაბამისად, ის თანხა, რომელიც ხდება ფონდის ნაწილი, ჯდება სარგებლიან ანგარიშზე.
ხაზინაში გროვდება სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციები. ვკითხეთ ეროვნულ ბანკს, თუ შეიძლებოდა ამ თანხების კომერციულ ბანკებში წამოღება.
მან თქვა, რომ ეს იქნება ინვესტიცია და არ შეიძლებაო. შესაბამისად, მე გაგიხსნი ანგარიშსო, ჩემთან გადმოიტანე და დაგარიცხავ სარგებელსო. გავხსენით ანგარიში, გადავიტანეთ ფონდის შესაბამისი ნაწილი და გვერიცხება სარგებელი“, - განაცხადა სურგულაძემ.
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ევროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიშის შემთხვევაში წლიური სარგებელი 6,5%-ს შეადგენს, ხოლო კომერციულ ბანკებში დანაზოგებზე დარიცხული წლიური სარგებლის მოცულობა 5%-დან 8,5%-მდეა.
სარგებლიანი ანგარიშების სისტემა ამოქმედდა იმის გამო, რომ საინვესტიციო საბჭო ჯერჯერობით არ არის შექმნილი და კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს არა აქვს ინვესტიციების განხორციელების უფლება.