კვირას, 27 აპრილს ვირჯინიაში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარი. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ცნობით, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი უკავშირდება მწვავე ანთებით პოლინეიროპათიას.
ლუგარი ჯერ კიდევ როდსის სტიპენდიანტი იყო, როდესაც 1976 წელს პირველად აირჩიეს სენატში, თუმცა მანამდე 8 წლის განმავლობაში იყო ინდიანაპოლისის მერი.
ორჯერ 1985-87 და 2003-2007 წლებში ლუგარს ეკავა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს სენატორმა ლუგარმა სახელი გაითქვა ნან-ლუგარის სახელით ცნობილი პროგრამის თანაავტორობით, რაც ითვალისწინებდა რუსეთისათის დახმარების აღმოჩენას მოსკოვის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის სანაცვლოდ.
1991 წლიდან რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში, ამ პროგრამის ფარგლებში, განადგურდა 2300 რაკეტა და დაკონსერვდა 24 ობიექტი, სადაც ბირთვული იარაღი ინახებოდა.
რიჩარდ ლუგარი სხვა ამერიკელ სენატორებთან ერთად მტკიცედ უჭერდა მხარს ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს და მათი უსაფრთხოების განმტკიცებას.
საქართველოს შემთხვევაში რიჩარდ ლუგარის სახელს უკავშირდება თბილისში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს - თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA ) დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა და ის 2013 წლიდან სავსებით ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.