Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე PACE-ს პრეზიდენტს შეხვდა


ირაკლი კობახიძის და ლილიან მორი პასკიეს შეხვედრა 2019 წლის 29 აპრილს, თბილისში გაიმართა

დემოკრატიულ რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის და ლილიან მორი პასკიეს შეხვედრა თბილისში, საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში ევროპის საბჭომ ფასდაუდებელი როლი შეასრულა ქართული დემოკრატიის განვითარებაში.

„ევროპის საბჭოსთან, კონკრეტულად, საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. ამ თანამშრომლობას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებაში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც ასრულებს ევროპის საბჭო და საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. „ეს გვაძლევს მოტივაციას იმისა, რომ შემდგომშიც აქტიურად განვაგრძოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიას და გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ლილიან მორი პასკიეს შეფასებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ მოახდინა ჭეშმარიტად ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული რეფორმების კუთხით.

„ეს რეფორმები არის ინსტიტუტების, ქართველი ექსპერტების და ევროპის საბჭოს კონტრიბუციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ასამბლეა მზადაა გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა შიდა რეფორმების მიმართულებით და ასევე, უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც არსებობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მუშაობას, რათა მოვძებნოთ კონფლიქტების მოგვარებისა და ხალხთაშორის კონტაქტის გზები“ - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

30 აპრილს ლილიან მორი პასკიე საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე.

საქართველო ევროპის საბჭოში 1999 წლის 27 აპრილს გაწევრიანდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG