Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე ხშირად კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან აქვს


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უშიშროების საბჭო უნდა იყოს იქ, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლებაა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

ამერიკის ხმა: პრეზიდენტის აპარატს აღარ აქვს ეროვნული უშიშროების საბჭო. ამბობთ, რომ აღარ აქვს გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია და შესაძლებლობა, როგორც ადრე. როგორ ხედავთ ამ ორ ფაქტორს ერთად - მიდიხართ, ესაუბრებით სხვა სახელმწიფოს ლიდერებს, მაგრამ სინამდვილეში, პოლიტიკას ვერ იმუშავებთ. როგორ ხსნით ამას?

სალომე ზურაბიშვილი: ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც იგივე არის. ანუ, ვხვდები იმ პრეზიდენტებს, რომლებსაც აქვთ ასევე ამ ტიპის უფლებამოსილება. ეს არის წარმომადგენლობითი და გარკვეულწილად, ინიციატივების აღების საშუალება, თუ გარკვეული გაქვს ის ვითარება, რომელიც არსებობს და რამდენად შეუძლია პრეზიდენტს შეიტანოს თავისი წვლილი. გარკვეულს იმიტომ ვამბობ, რომ არ უნდა გადააცილო შენს სფეროს და ბალანსი არის დასაჭერი. ძალიან ბევრ საკითხზე პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება, თუ ეს იქნება გამართლებული, შედეგიანი, ვერავინ ვერ გადაუდგება წინ რომ, ასეთი მოსაზრებები გააჟღეროს. მაგალითად, მე არაერთხელ წამოვწიე საკითხი ჟენევის ფორმატის ამაღლების და პოლიტიკის წონის დაბრუნების ჟენევის ფორმატისთვის. ეს არის მოსაზრება, რომელიც როცა გაცხადებული არის, ყველა ეთანხმება, რომ დღევანდელი ჟენევის ფორმატი არ არის ეფექტური. ვინმე თუ დამიმტკიცებს, რომ არის, მაშინ უკან წავიღებ ჩემს წინადადებას.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, გჭირდებათ თუ არა თანხმობა და ერთობა მთავრობასა და თქვენს ადმინისტრაციას შორის? რამდენად არის თანხვედრა თქვენს შორის. უშიშროების საბჭოზე მინდა დავამატო ერთი რამ, რომ ის იყო მაკოორდინირებელი უწყება, რომელიც ახერხებდა პოლიტიკისა და წარმომადგენლობის კოორდინაციას. თქვენ შემთხვევაში, როგორ მოხდება ეს და გაქვთ თუ არა თანხმობა პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის თუ საგარეო საქმეთა სამინისტროებთან?

სალომე ზურაბიშვილი: ჯერ ერთი, უშიშროების საბჭოზე მე სანამ გავხდებოდი პრეზიდენტი, სულ მქონდა ის პოზიცია, რომ უშიშროების საბჭო უნდა იყოს იქ, სადაც არის აღმასრულებელი ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს არის მისი ინსტრუმენტი საგარეო და უშიშროების საკითხებში, რომ ჰქონდეს სრული კოორდინაცია. ამიტომ, ამაში არაფერი გამონაკლისი არ არის და ყველა ჩვენი პარტნიორები, ვინც რჩევას გვაძლევნენ, თუ როგორი უნდა იყოს უშიშროების საბჭო, რომელიც პრაქტიკულად ჩემს წინამორბედთან არ იყო ამოქმედებული, იშვიათად იკრიბებოდა და არ ჰქონდა გავლენა, ყველას რჩევა იყო, რომ [უშიშროების საბჭო] უნდა გადავიდეს იქ, სადაც გადავიდა მთავარი წონა აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ პრემიერთან.

მეორე საკითხი, რომელიც მე დავსვი, როგორც კი გადაწყდა ახალი ფორმატი, იყო პრეზიდენტის ადგილი ამ ფორმატთან დაკავშირებით. აქაც ნათელი იყო, რომ პრეზიდენტი ამ ფორმატის მონაწილე ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იქ თავმჯდომარე არის პრემიერი და გარკვეული უხერხულობა შეიქმნებოდა იმით, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს და არ იყოს თავმჯდომარე. მაგრამ ჩვენ შევთანხმდითიყო კონსულტაციები, ეს არის მაგალითი, რომ შეიძლება მივიდეთ გარკვეულ კომპრომისამდე -- შევთანხმდით იმაზე, რომ პრეზიდენტი როცა ჩათვლის და ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხები იქნება განხილული, ეყოლება თავისი წარმომადგენელი იმისთვის, რომ იყოს სრულიად ინფორმირებული. იმიტომ, რომ პოსტ-ფაქტუმ ინფორმაცია თუნდაც პრემიერის მიერ არ არის საკმარისი. შეიძლება იყოს ისეთ საკითხები, რომელზედაც სჭირდება პრეზიდენტს, რომ თანადროულად იყოს ჩართული.

ამერიკის ხმა: თქვენ ამისთვის მზად ხართ?

სალომე ზურაბიშვილი: ამისთვის მზად ვარ და კომპრომისი მიღწეული იქნა და ამ საკითხში ვართ სრულ თანხმობაში.

ამერიკის ხმა: რამდენად ხშირად გაქვთ კონსულტაციები თავდაცვის, ან საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან უწყებასთან?

სალომე ზურაბიშვილი: უფრო ხშირად პრემიერთან, რომელთანაც გვაქვს კონსულტაციები. მე როცა მივდივარ რომელიმე ვიზიტზე, ან თვითონ როცა მიდის ან ბრუნდება, რომ ვიცოდეთ ზუსტად რა გარემოება გველოდება და როგორ უნდა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპარეზზე, რასაც ჰქვია საერთაშორისო [ურთიერთოებები]. მაგრამ, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე თავდაცვის მინისტრთან, როგორც ეს საჭირო არის მთავარსარდლისთვის და ასევე სხვა უწყებეთან, იმის მიხედვით, თუ რა არის საჭირო. მაგალითად, მე კულტურაში მაქვს ძალიან ბევრი ინივიატივები და ძალიან ხშირად ვხვდებით კულტურის მინისტრის მოადგილეს, რადგანაც მას აქვს ეს ნაწილი ჩაბარებული და ძალიან საინტერესეო თანამშრომლობა გამოგვდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG