Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიულერი აკრიტიკებს მისი ანგარიშის შეჯამებას, რომელიც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინა


აშშ-ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი

აშშ-ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი უკმაყოფილოა ოთხგვერდიანი ტექსტით, რომლითაც გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა შეაჯამა რუსეთის შესახებ მიულერის თითქმის 450-გვერდიანი ანგარიში.

ამერიკული მედია იუწყება, რომ სპეცპროკურორის შეფასებით, ბარის ტექსტი მთლიანად ვერ ასახავს მიულერის გუნდის დასკვნების „კონტექსტს, ხასიათსა და არსს“.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, მან ნახა იმ წერილის ასლი, რომელიც მიულერმა ბარს გაუგზავნა მას შემდეგ, რაც 24 მარტს გამოქვეყნდა მიულერის ანგარიშის შემაჯამებელი ტექსტი.

ბარი წერს, რომ მიულერმა ვერ მიაგნო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის დამადასტურებელ მასალას. ასევე ბარის დასკვნით, მიულერი ცალსახად არ აცხადებს, რომ ტრამპმა შესაძლოა, შეაფერხა მართლმსაჯულება.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“ მოჰყავს იუსტიციის დეპარტამენტის პრესმდივნის, კერი კუპეცის სიტყვები, რომ მიულერმა ბარს გაუზიარა თავისი „იმედგაცრუება“ შემაჯამებელ ტექსტში „კონტექსტის არარსებობის“ გამო.

ბარი 1 მაისს უნდა წარდგეს სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე.

გენერალური პროკურორის ოთხგვერდიანი ტექსტის შემდეგ, 18 აპრილს გამოქვეყნდა მიულერის 448-გვერდიანი ანგარიშის შემოკლებული ვერსია.

დემოკრატების აზრით, უილიამ ბარმა შეგნებულად შეარბილა დასკვნები, რომლებიც შესაძლოა, უარყოფითი შედეგების მომტანი იყოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG