Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები შეწყდა რამადანის დაწყების გამო


აშშ-ის და თალიბანის წარმომადგენლებს შორის ყატარში, დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება 6 მაისს შეწყდა, რამადანის დაწყების აღსანიშნავად. გავრცელებული ცნობებით, მხარეებს მწვავე უთანხმოება აქვთ იმ საკითხთან მიმართებით, თუ როდის უნდა დატოვონ ავღანეთი უცხოეთის ძალებმა.

წინა კვირაში მიმდინარეობდა მეექვსე რაუნდი ამ მოლაპარაკებისა, რომელიც მიზნად ისახავს თითქმის 18-წლიანი ომის დასრულებას - ყველაზე ხანგრძლივის ამერიკისთვის. თუმცა, თალიბანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება ამ საკითხის გამო წინ ვერ მიდის.

თალიბანის პრესმდივანმა, სუჰაილ შაჰინმა ტვიტერით დაწერა, რომ მოლაპარაკებაში პაუზა დადგა რამადანის წმინდა თვის პირველ დღესთან დაკავშირებით, თუმცა შეხვედრა "შემდეგ დღეს" ის სავარაუდოდ განახლდება. შაჰინმა სააგენტო "ფრანს პრესს" 5 მაისს უთხრა, რომ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა ავღანეთიდან უცხოეთის ძალების გასვლის საკითხის გარშემო.

სანამ გაყვანის შესახებ რაიმე შეთანხმებას დათანხმდება, ვაშინგტონი მოითხოვს ექსტრემისტებმა დააწესონ უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტის პირობა და ასევე დათანხმდნენ სხვა ნაბიჯებს, მათ შორის ავღანეთში შიდა დიალოგს ქაბულში მყოფ მთავრობასა და სხვა ძალებთან. თალიბანი კი აცხადებს, რომ ამ პუნქტებიდან არც ერთს არ დათანხმდება მანამ, სანამ აშშ გამოაცხადებს გასვლის განრიგს.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თალიბანს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედებულიყო რამადანის პირველ დღეს, თუმცა ექსტრემისტებმა უარყვეს მისი წინადადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG