Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ანგარიში: მილიონი სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა


სახეობათა "უპრეცედენტო" რაოდენობა, ერთი მილიონი, გადაშენების საფრთხის ქვეშაა - აცხადებენ მეცნიერები მნიშვნელოვან საერთაშორისო ანგარიშში, რომელსაც 130 ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსეთი და ჩინეთი ეთანხმება.

ანგარიში ასკვნის, რომ ადამიანთა თემების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემების განადგურებისგან გადარჩენა მხოლოდ გლობალური ეკონომიკური და ფინანსური სისტემების ძირეული ცვლილებითაა შესაძლებელი.

ანგარიში ეკონომიკური ზრდისკენ გამოდმებული მისწრაფების და კლიმატის ცვლილების კომბინაციას ასახელებს მთავარ მიზეზებად, რის გამოც თანამედროვე ცივილიზაცია აზიანებს ბუნებრივ გარემოს.

"გლობალური შეფასების" ("Global Assessment") სახელით ცნობილი ანგარიში 50 ქვეყნის 145-მა ექსპერტმა შეადგინა. ანგარიშის თანახმად, დედამიწაზე არსებული მცენარეთა, მწერთა და ცხოველთა 8 მილიონი სახეობიდან ერთ მილიონამდე სახეობას ემუქრება გადაშენება, ზოგიერთს უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

ანგარიშში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მსოფლიოს შესაძლოა ჭირდებოდეს ახალი, "ზრდის შემდგომი" ეკონომიკის ფორმის დამკვიდრება, თუკი სურს თავიდან აიცილოს ეგზისტენციური საფრთხე, რომელსაც ქმნის დაბინძურების, სათბური გაზების და სახეობათა ბუნებრივი გარემოს გაჩანაგების კომბინაცია. ანგარიში ინდუსტრიული მასშტაბის სოფლის მეურნეობას და მეთევზეობას ასახელებს გადაშენების მთავარ ფაქტორებად.

ანგარიშის თანახმად, სახეობათა გაქრობა ინტენსივობით ათიდან ასი ათასობით მეტჯერ ხდება, ვიდრე პროცესი საშუალოდ ვითარდებოდა ბოლო 10 მილიონი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG