Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დაკავებული როენა ხუცურაული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს


როენა ხუცურაული
როენა ხუცურაული

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს - განაცხადა სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის, როენა ხუცურაულის ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა. ადვოკატის თანახმად, როენა ხუცურაული დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იჯარით ჰქონდა გასხვისებული კერძო საკუთრებაში არსებული ფართი და სასტუმროს საქმიანობაში თავად არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდა:

მას საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე, რომელშიც სასტუმროა განთავსებული. იჯარით ჰქონდა გასხვისებული პიროვნებაზე, რომელიც ასევე დაკავებულია. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა ამ ფართს - იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა. თვითონ, როინა ხუცურაული ამ საქმიანობაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა, ამ საქმიანობაში არ ერეოდა. აქედან გამომდინარე მისი პოზიციაც ბუნებრივია - დუმილის უფლებას იცავს, უდანაშაულოა“, - გვითხრა ადვოკატმა. მისი თქმით დაცვის მხარე მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამ თანამშრომლობით ცდილობს როინა ხუცურაულის უდანაშაულობის დამტკიცებას.

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა 8 მაისს 3 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული როენა ხუცურაული - მეტსახელად „მამიდა“.

ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ.ქ.- მეტსახელად „სალომე"

სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ.დ.

შსს-ს თანახმად, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 254-ე მუხლის 1 და მე-3 მუხლებით მიმდინარეობს, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე. დანაშაული ითვალისწინებს 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული ბრალდებით ორი თვის წინ დააკავეს ასევე სასტუმრო "მამიდას" ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული ნ.დ და სასტუმრო "მზის" მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ.ა. - მეტსახელად "ფისო".

XS
SM
MD
LG