Accessibility links

site logo site logo

მალხაზ მაჩალიკაშვილი  მის შესაძლო დაკავებას გამორიცხავს


მალხაზ მაჩალიკაშვილი

„მე, ფაქტობრივად, გამანადგურეს, მაგრამ თემირლანის საქმე არ განადგურდება, იმიტომ, რომ ჩემს უკან უხილავი ძალა დგას. თემირლანის საქმით მე ამ სისტემას დავანგრევ. თემირლანის პატივსაცემად სისტემას ბოლო მოვუღებ, არ აქვს მნიშვნელობა ციხეში ვიქნები თუ გარეთ“, - განაცხადა პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იგი გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს 15 საათზეა დაბარებული. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სუს-ის მიერ მისი ტერორიზმის აქტის მომზადების განზრახვაში დადანაშაულება ემსახურება მის განადგურებას იმისთვის, რომ „თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სიმართლე გაანადგუროს".

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების მისი დაკავების მიზეზი არ აქვთ, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და არც მას და არც მის ახლობლებს ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ. „სრულებით არაფერი დამიშავებია. ჩემი დანაშაული ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენ ხართ ტერორისტები და მკვლელები, ეს არის ჩემი დანაშაული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სვამს კითხვასაც, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმთან კავშირს ედავება, რატომ არ გაჩხრიკეს პარლამენტის წინ გაშლილი მისი კარავი, სადაც 9 თვის განმავლობაში ცხოვრობს:

არც მე და არც ჩემი თანმხლები პირები დანაშაულის ადგილას შემჩნეულები არ ვართ. ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვქონია იარაღთან, არანაირი მცდელობა არ გვქონია. საქვეყნოდ რომ ტერორისტად გამომაცხადეს, სად ვცხოვრობ ეს 9 თვე?! კარავში. ეს უნიჭოები, ნაძირლები, ერთი კაცი არ მოსულა, რომ თუნდაც კარავი გაეჩხრიკათ. მთელ ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, 9 თვეა კარავში ვარ და კაციშვილი არ მოსულა გაეგო, რა ხდება. წარმოიდგინეთ, რა პროფესიონალებიც არიან“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მის უკან მხარდამჭერთა ძალა დგას. მისი დაკავების შემთხვევაში კი აქციას მისი ოჯახის წევრები გააგრძელებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გამოაქვეყნა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი. ამ ჩანაწერით სუსი ირწმუნებოდა, რომ გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG