Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ დორენკოსთან გამოთხოვება არ შედგა, რადგან საჭირო გახდა გვამის დამატებითი ექსპერტიზა


გამოთხოვება ჟურნალისტ სერგეი დორენკოსთან, რომელიც 9 მაისს მოსკოვში გარდაიცვალა, არ შედგა რადგან პოლიციამ ოჯახს არ გადასცა მისი გვამი დასასაფლავებლად. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა რადიო სადგურ „გოვორიტ მოსკვამ", რომელშიც დონერკო მუშაობდა.

გამოთხოვება უნდა შემდგარიყო მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე. მაგრამ წინა დღით, ღამით, მორგში მიიღეს დოკუმენტი საგამოძიებო სამმართველოდან, რომელიც შეიცავდა ბრძანებას, არ გაეცათ გვამი “განმეორებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის" აუცილებლობის გამო.

როგორც „გოვორიტ მოსკვა“ იტყობინება, გადაწყვეტილება მიღებული იქნა დორენკოს ორი შვილის, კსენია და ეკატერინე დორენკოების განცხადებების საფუძველზე. პირველი ქორწინებიდან შვილების მტკიცებით, დორეკნო შეიძლებოდა მოეწამლათ. ექსპერტიზამ უკვე დაადასტურა, რომ დორენკო აორტის გახლეჩის შედეგად გარდაიცვალა. მოსკოვის მთავარი სასამართლო ექსპერტის, სერგეი შიგეევის თქმით, ახლა საჭირო გახდა სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზა, რასაც სამი კვირა დასჭირდება.

ტროეკუროვის სასაფლაოზე დორენკოსთან გამოსათხოვრად 200-მდე ადამიანი მივიდა. მათ ჟურნალისტის შვილმა, ეკატერინემ ბოდიში მოუხადა და ამცნო, რომ მისი ბრალი არ იყო ცერემონიის გადატანა.

59 წლის დორენკო რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი იყო 1990 და 2000-იან წლებში. მისი ყოველკვირეული პროგრამა 2000-იან წლებში დახურეს მალევე მას მერე, რაც მან მძაფრი კრიტიკა გამოთქვა ბირთვული წყალქვეშა ნავის, კურსკის ჩაძირვის დროს მთავრობის ქმედების მიმართ.

ამის შემდეგ მას რუსეთის ტელევიზიაში აღარ უმუშავია, მაგრამ ბოლო წლებში რადიო სადგურ „გოვორიტ მოსკვაში“ მთავარი რედაქტორი იყო.

დორენკო ყურადღების ცენტრში მოექცა 2007 წელს, როცა გამოაქვეყნა 1998 წელს ჩაწერილი ინტერვიუ უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთან, ალექსანდრ ლიტვინენკოსა და მის კოლეგებთან, სადაც მათ აღიარეს, რომ უბრძანებდნენ ცნობილი პოლიტიკოსების და ბიზნესმენების მოკვლას, გატაცებას, ან შანტაჟირებას.

ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოკვდა მწვავე რადიაციული მოწამვლით.

XS
SM
MD
LG