Accessibility links

ახალი ამბები

„ფეისბუკი“ „ლაივის“ გამოყენებას ზღუდავს

სოციალური ქსელი „ფეისბუკი“ „ლაივის“ გამოყენებაზე შეზღუდვებს აწესებს.

როგორც სოციალური ქსელის მიერ 14 მაისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მარტში, ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმებს, რომელიც ბოროტმოქმედმა ფეისბუკის „ლაივით“ აჩვენა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლაივის“ ფუნქციის გამოყენება შეეზღუდება იმ მომხმარებლებს, რომლებსაც დღემდე ერთხელ მაინც აქვთ დარღვეული სოციალურ ქსელში ქცევის წესები. მათი პოსტები წაიშლება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი ფაქტი განმეორდება, „ფეისბუკი“ მათ დაუბლოკავს „ლაივის“ ფუნქციას.

„ფეისბუკის“ ადმინისტრაციის განცხადებით, მომხმარებელი, რომელიც დღეიდან დაარღვევს სოციალური ქსელის სტანდარტებს, მას „ლაივ“ ფუნქცია გაეთიშება 30 დღით: „თუკი, დღეიდან, მომხმარებელი მაგალითად, კონტექსტის გარეშე გააზიარებს ლინკს, რომელიც შეიცავს ტერორისტული დაჯგუფების რაიმე განცხადებას, მომხმარებელს დაუყოვნებლივ დაებლოკება „ლაივ“ ფუნქცია“, - ნათქვამია „ფეისბუკის“ განცხადებაში.

განცხადების თანახმადვე, „ფეისბუქი“ დააფინანსებს სამ გამოკვლევას, რომელთა მიზანი იმ მედიასაშუალებების გამოვლენა იქნება, რომლებიც სოციალურ ქსელებს მანიპულაციებისთვის იყენებენ.

ყველა ახალი ამბავი

გრიგოლ ვაშაძე კრიმინალების მობილიზებაზე საუბრობს

„უკვე დაიწყო სპეცოპერაცია - კრიმინალების მობილიზება“, - ამის შესახებ განაცხადა პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ზუგდიდში მე-18 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, რუხში დაფიქსირებულია მოსყიდვის არაერთი ფაქტი, კოკში კრიმინალებმა ცემა-ტყეპა დაიწყეს.

„მე-18 უბანზე 50 ბანდერლოგი ფიქსირდება, რომელთაც აქვთ მითითება, როდის დაიწყონ სპეცოპერაცია, თუმცა ამის მიუხედავად, არის 5 000 დამკვირვებელი, 200-ზე მეტი ლაივკამერა, 300-ზე მეტი დრონი და სტაციონარული კამერა - ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ეუთო ისეთ დასკვნას გააკეთებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული დასკვნები დედის იავნანად მოეჩვენებათ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნებში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, სანდრა რულოვსი და ქართული ოცნების წევრი გიორგი შენგელია უპირისპირდებიან.

ცესკო პირადობის მოწმობებისა და კოორდინატორების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება

ანა მიქელაძე

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში(ცესკო) გაკეთდა განცხადება დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლთა პირადობის მოწმობების შემოწმებისა და უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვის შესახებ.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და წამომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა.

„ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არც ერთ პირს გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელს და რეგისტრატორს აქვთ უფლება მოსთხოვონ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა და დაამუშავონ მონაცემები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით“ - განაცხადა მიქელაძემ. მისივე განმარტებით, დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ შეაფერხონ ამომრჩეველი და ხელი არ შეუშალონ პროცესსა და კომისიის მუშაობას.

ანა მიქელაძის ცნობითვე, საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოდის ინფორმაცია და კითხვები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

„აღნიშნულ თემაზე გავრცელდა ვიდეოკადრებიც და ინფორმაცია, რომ თითქოს ხდება სამაგიდო სიების გამოყენება. პარტიებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება გამოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია. აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, არამედ სავარაუდოდ, უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია. რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძის განმარტებითვე, მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება.

12 საათისთვისაც ყველაზე აქტიური საგარეჯოს ამომრჩეველია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

12 საათისთვის აქტივობა კვლავ ყველაზე მაღალი - 35,7% იყო საგარეჯოში, ხოლო ყველაზე დაბალი - 10,4% თბილისის მთაწმინდის ოლქში.

საგარეჯოელები ყველაზე აქტიურები იყვნენ დილის 10 საათის მონაცემებითაც, მთაწმინდელები კი ყველაზე პასიურები.

12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ახმეტაში იყო 18,4%, მარნეულში 14%, ადიგენში 23,1%, ზესტაფონში 16,5%, ჭიათურაში 17,6%, ტყიბულში 17,7%, წყალტუბოში 22,2%, ოზურგეთში 17,8%, ზუგდიდში 20,1% და ხულოში 19,5%.

19 მაისს თბილისის მთაწმინდის ოლქში ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ავსტრიის ლიდერი არჩევნების ინიციატივით გამოვიდა, "რუსეთთან დაკავშირებული" ვიდეოს სკანდალის ფონზე

ავსტრიის კანცლერი გამოვიდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების ინიციატივით, საიდუმლო ვიდეოს გავრცელებით გამოწვეული პოლიტიკური სკანდალის ფონზე. ვიდეო ასახავს ვიცე-კანცლერის მხრიდან რუსი პოტენციური დონორისთვის კონტრაქტების შეთავაზებას, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ვენაში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. კანცლერმა სებასტიან კურცმა 18 მაისს განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს. "საკმარისია" - ამბობს კურცი მედიაში გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: "რესპუბლიკის პრეზიდენტს მივმართე ახალი არჩევნების გამართვის წინადადებით, რაც შეიძლება მალე".

ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოსტიდან გადადგომის განცხადება გააკეთა ვიცე-კანცლერმა, ჰაინც-კრისტიან შტრახემ. ის წარმოადგენს ულტრამემარჯვენე ორიენტაციის თავისუფლების პარტიას, რომელიც კურცის სახალხო პარტიასთან არის კოალიციაში.

ანტი-იმიგრაციული დღის წესრიგის და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებთან კავშირების გარდა, თავისუფლების პარტიის ირგვლივ არსებობს ეჭვები რუსეთის ინტერესებისადმი განსაკუთრებული ღიაობის თაობაზე. 2016 წელს შტრახე მოსკოვში ჩავიდა, რათა თანამშრომლობის შეთანხმება გაეფორმებინა თავისუფლების პარტიას და კრემლის მიერ მხარდაჭერილ, ერთიან რუსეთს შორის.

თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „აადუღონ“ სამეგრელო და აჭარა.

„როგორც ჩანს, მიუხედავად პოლარიზაციისა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა „აადუღონ“ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგენებ არჩევნებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე პროვოკაციები იმით აიხსნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და ამიტომ ემზადება არეულობისა და დესტაბილიზაციისათვის.

„გუშინაც და ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც მიმართა:

„გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“.

ზუგდიდში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა

რუსუდან მჭედლიძე

ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ინციდენტის გამო, პოლიციამ ტერიტორიიდან ერთი პირი გაიყვანა.

ორგანიზაცია „ახალი თაობის“ დამკვირვებლის, რუსუდან მჭედლიძის მტკიცებით, დააფიქსირა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ჰქონდა სამაგიდო სიები და რეაგირება სცადა, რის გამოც კოორდინატორი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ამავე უბანზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორი კობა კვეკვესკირი ფიზიკურად მასაც დაუპირისპირდა.

ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, საუდის არაბეთის მეფემ მოიწვია არაბული ქვეყნების სამიტი

საუდის არაბეთი გამოვიდა ინიციატივით ორი გადაუდებელი შეხვედრა ჩატარდეს მის არაბულ მოკავშირეებთან, რათა განიხილონ ბოლო პერიოდში მომხდარი თავდასხმები ხომალდებზე და ნავთობის წარმოების ობიექტებზე და მზარდი დაძაბულობა რეგიონულ მეტოქე ირანთან.

მეფე სალმანმა 18 მაისს მოუწოდა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს და არაბთა ლიგის ქვეყნების ლიდერებს, 30 მაისს მექაში გაიმართოს შეხვედრა. საუდის არაბეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განხილვის თემები იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირთან მომხდარი თავდასხმები კომერციულ ხომალდებზე და ასევე საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშები ნავთობის მაწარმოებელ ობიექტებზე, რიადთან ახლოს.

ირანი უარყოფს თავდასხმებში მონაწილეობას. საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრეს იემენში განთავსებულმა ჰუტითმა მეამბოხეებმა, რომლებსაც თეირანი უჭერს მხარს.

ბიძინა ივანიშვილი: მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს

„მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა ჩვენი კანდიდატების უპირატესობა იქაც დიდია და დიდი ალბათობით პირველ ტურში გავიმარჯვებთ“, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა კმაყოფილება გამოთქვა ამომრჩევლების მაღალი აქტიურობის გამო როგორც მთაწმინდაზე, ასევე სხვა საარჩევნო ოლქებში.

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევნით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ერთი პირი დააკავეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის 97-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კოკში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი იყო საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი.

მარნეულის ოლქში პირველი საჩივარი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ეხება

საარჩევნო უბანი მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ აკმამედ იმამკულიევმა ხმა მისცა 67-ე საარჩევნო უბანზე. იმამკულიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიმართავდა ამომრჩეველების მოსყიდვას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, რის უფლებასაც არჩევნების დღეს არავის მისცემენ მაქსიმალურად მობილიზებული დამკვირვებლები.

ოპოზიციის ბრალდებას ამომრჩევლის მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, სიცრუე უწოდა მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაურ დარგალმ. მან ხმა მისცა მარნეულის მე-11 საარჩევნო უბანზე. დარგალის განცხადებით, არჩევნების დღეს ნებისმიერ კანონდარღვევასა და პროვოკაციაზე შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირება ექნებათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად კენჭს იყრის 15 კანდიდატი.

საოლქო კომისიაში პირველი საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ქველაძემ. მისი ინფორმაციით, პირველ საარჩევნო უბანზე დაირღვა ფარულობა, რადგან ერთ ერთმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ გაშლილი ბიულეტენი რეგისტრატორებს აჩვენა.

ამავე უბნიდან გააძევეს "თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელი, რომელიც საარჩევნო უბნის მდივნის, ია ესბუას თქმით, დილიდან "უსაფუძვლოდ ხმურობდა და არჩევნების მსვლელობას ხელს უშლიდა.“

ხულოს საარჩევნო ოლქში პირველი საჩივრები ოპოზიციამ დაწერა

საარჩევნო უბანი ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტში, მერის რიგგარეშე არჩევნების დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში სამი საჩივარი დაიწერა. სამივე „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებმა დაწერეს.

მე-5 უბანზე გასაჩივრდა ცესკოს წარმომადგენლის ჩარევა უბნის კომისიის საქმიანობაში, თუმცა, საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა. ხულოს 54-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარი ეხება დამკვირვებელთა ჯგუფისთვის ვიდეოგადაღების შეზღუდვას. საპასუხოდ, საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა. 33-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა გაასაჩივრა უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორის შესვლა საარჩევნო სიით. თუმცა, საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ფაქტი უბნის გარეთ დაფიქსირდა და შესაბამისად, კანონდარღვევა არ არის.

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმა მისცა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 8,71%-მა. ხულოში 24 123 ამომრჩეველია. მუნიციპალიტეტის მერად კენჭს იყრის 14 კანდიდატი.

კახათის N95-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნიკა გვარამიას

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის N95-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი ორის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელიც "ქართული ოცნების" აქტივისტებისაგან იმ სიის წარმოედგენას ითხოვდა, რომლითაც კოორდინატორები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.

„მეგრელების ჭუჭყო! რა უნდა გვარამიას აქ! წადი თბილისში!“ - ასეთი შეძახილებით დახვდნენ ნიკა გვარამიას საარჩევნო უბანთან მისული "ოცნების" მხარდამჭერები.

ნიკა გვარამიას თქმით, მას თავს დაესხა „ოცნების“ კოორტინატორი ქეთევან სორდია, თუმცა, თავად სორდიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნიკა გვარამიამ კისრიდან ჩამოგლიჯა „ბეჯი“ და წაართვა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ფეხსაცმელები ჰქონდა გახვეული.

„ვლანძღავდი კი არა, დანასაც გავუყრიდი ყელში უნამუსო გვარამიას“, - უთხრა ქეთევან სორდიამ რადიო თავისუფლებას.

კახათში N95-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მარინა დათუკიშვილმა „ქართული ცონების“ კოორდინატორს, დავით გუგუჩიას მოთხოვა ეჩვენებინა ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ვარაუდით, სია შეიცავს ამომრჩეველთა პირად მონაცემებს, რომელთა ხელმისაწვდომობა შეზღუდულია კანონით.

დავით გუგუჩიამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს განუცხადა, რომ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია, პირადი მონაცემების გარეშე, აღებული აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტიდან, თუმცა დავით გუგუჩიამ, ეჭვების გასაფანტად, სიის ჩვენებაზე, კატეგორიული უარი განაცხადა.

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა

სამართალდამცავები ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან

სამართალდამცავებმა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს პირი, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრალი დასდეს ამომრჩევლის მოსყოდვაში.

გიორგი რურუამ, რომელმაც თავი წარმოადგინა ერთ-ერთი მედიაორგანიზაციის წევრად, განაცხადა, რომ საარჩევნო უბანთან გადაიღო ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა. რურუას მტკიცებით, პირმა, რომელსაც ამომრჩეველთა სიაც ჰქონდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გიორგი რურუა გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია. ზუგდიდის პოლიციის უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომხდარ ფაქტს შეისწავლიან და კანონდარღვევის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება.

გაერთიანებული ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზეც.

ნიკა გვარამიამ ინფორმაციისთვის ჯილდო დააწესა

„რუსთავი-2“ ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ვინმე „რუსთავი -2“ -ს მიაწოდებს დადასტურებულ ფაქტს, რომ ის [მოქალაქე] არჩევნების გაყალბებაშია ჩართული, რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მზად არის 1000 ლარი გადაიხადოს. მისი თქმით, თანხა მოქალაქეს უკანონობის სატელევიზიო ეთერში დადასტურების შემთხვევაში გადაეცემა.

„ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დადასტურებულსრამენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერ ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს „რუსთავი 2"-სგან“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

10 საათისთვის ყველაზე აქტიური საგარეჯოს ამომრჩეველია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა პირველი მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

დილის 10 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 15,4% იყო საგარეჯოში, ხოლო ყველაზე დაბალი - 4% თბილისის მთაწმინდის ოლქში.

დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ახმეტაში იყო 11,5%, მარნეულში 5.7%, ადიგენში 9,3%, ზესტაფონში 7%, ჭიათურაში 6,7%, ტყიბულში 6,9%, წყალტუბოში 8,4%, ოზურგეთში 6,3%, ზუგდიდში 8,1% და ხულოში 8,7%.

19 მაისს თბილისის მთაწმინდის ოლქში ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ხულოს მერობის კანდიდატი ხმის მისაცემად პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიციიდან” ირაკლი ჯორბენაძე ხმის მისაცემად პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, დაახლოებით 15 წუთში მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა მიუტანეს და მან საკუთარი არჩევანი გააკეთა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერად კენჭს 14 კანდიდატი იყრის.

შალვა შავგულიძე: ხელისუფლება ცუდ გზას დაადგა

საქართველოს პარლამენტის წევრობის კადნდიდატის, შალვა შავგულიძის თქმით, არ იმუშავა მის წინააღმდეგ აგორებულმა შავმა პიარმა და ცილისწამებამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და რომელშიც ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები და უვადოდ დანიშნული მოსამართლეები.

„ხელისუფლება არ დაგიდევს, როგორ გამოჩნდება ჩვენი სახელმწიფო მსოფლიოს თვალში, რომ დაუშვებელია მოსამართლეების ჩართვა პოლიტიკურ დებატებში. უბრალოდ სურს ხელისუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად, თუნდაც სახელმწიფოს დისკრედიტაციის ფასად. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობას და სიღარიბეს, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციასა და რუსეთში დაბრუნებას შორის“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ, რომელიც შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში.

შალვა შავგულიძის თქმით, ყველა ხედავს როგორ ცუდ გზას დაადგა ხელისუფლება და როგორი ცუდი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა 2018 წელს.

მარნეულში პოლიციელები სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ჩაიყვანეს

პოლიციის ავტომანქანები მარნეულში

მარნეულში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს, პოლიციელები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ჩაიყვანეს - ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება. სამართალდამცავები ამჟამად მარნეულის პოლიციასთან იმყოფებიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად კენჭს 15 კანდიდატი იყრის.

საქართველოს შსს-ს განცხადებით, 19 მაისის არჩევნებზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდა საპოლიციო ძალების გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს პროცესი საჭიროების მიხედვით, დღის განმავლობაში გაგრძელდება.

19 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნებია თბილისის მთაწმინდის ოლქში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში და მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

"ქართული ოცნების" კანდიდატმა ზუგდიდს და მთლიანად საქართველოს მშვიდობიანი არჩევნები უსურვა

"ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი შენგელია საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმა მისცა ზუგდიდის 28-ე სააარჩევნო უბანზე, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს და დაწყებული პროექტების გაგრძელებას.

გიორგი შენგელიამ ზუგდიდელებს და მთლიანად საქართველოს უსურვა მშვიდობიანი დღე და მშვიდობიანი არჩევნები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს 16 კანდიდატი იყრის.

სანდრა რულოვსმა ხმა ზუგდიდის საარჩევნო უბანზე მისცა

სანდრა რულოვსი ხმას აძლევს ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა თავისი არჩევანი ზუგდიდის 82-ე უბანზე გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ხმა მისცა განვითარებას, თავისუფალ გერმოში დასაქმებას, ნათელ, ევროპულ მომავალს და ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა.

რულოვსმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს 16 კანდიდატი იყრის.

ზუგდიდის ერთ უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილებას ითხოვენ

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანი

გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები ითხოვენ ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემების ბათილად ცნობას.

საჩივარი დაწერა ორგანიზაციამ „ქართული ორდენი,“ რომლის ინფორმაციით, გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელს არ ჰქონდა ბეჭედი.

თავის მხრივ, როგორც საუბნო, ისე საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ეს დარღვევა არ არის.

სწორედ ამ უბანზე მისცა ხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა.

გიორგი გახარია: ზუგდიდში საბრძოლო იარაღიდან არ უსვრიათ

„ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა, - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის N5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში მობილიზებულია არა შინაგან საქმეთა სმაინისტროს უპრეცედენტო ძალები, არამედ დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობა.

„დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცენდენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის , ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შენმთხვევა, იქნება ეს პროვოკაციები თუ უბრალო სამართალდარღვევა, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი. ისევე, როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის დროსაც, როდესაც მოხდა გასროლა. მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. ეს პიროვნება, როგორც ვიცი, დაკავებულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაერთიანებული ოპოზიციის თანახმად, 18 მაისს, ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მათ წარმომადგენელს, ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს.

410 უბანზე პარლამენტის და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე გაიხსნა.

პარლამენტის და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები სულ მიმდინარეობს 410 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

19 მაისის არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 მეთვალყურე. საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებია

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში მერის რიგგარშეშე, ან საკრებულოს შუალედური არჩევნები დაიწყო. 11-დან ორ მუნიციპალიტეტში როგორც მერს, ისე საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.

მერის რიგგარეშე არჩევნებია მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. პოლიტიკური პარტიების და ბლოკების და საინიციატივო ჯგუფების მიერ სულ 74 კანდიდატია წარდგენილი.

მერობის ყველაზე მეტი, 16-16 კანდიდატია ზესტაფონსა და ზუგდიდში, 15 მარნეულში, 14 ხულოში და 13 ჭიათურაში.

საკრებულოს თითო წევრს ირჩევენ ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია სულ 85 კანდიდატი.

მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა ამ მუნიციპალიტეტებში მერების და საკრებულოს წევრების გადადგომამ, ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამ, ან გარდაცვალებამ.

მთაწმინდაზე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ

თბილისის მთაწმინდის ოლქში დაიწყო საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, რომელშიც 20 კანდიდატი მონაწილეობს. 14 წარდგენილია პოლიტიკური პარტიების და ბლოკების, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფების მიერ.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.

პირველსავე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატს სჭირდება ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი.

პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წელს არჩეულმა, საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის არჩევნების შედეგად დაიკავა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG