Accessibility links

site logo site logo

„ანაკლიის კონსორციუმი“:  8-დან 7 მოთხოვნა შეთანხმებულია


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ინვესტორი ბანკების 8 მთავარი მოთხოვნიდან შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ ერთი პრინციპული საკითხი - ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ მოთხოვნა.

ახვლედიანის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება - საუბარია გარკვეულ ალტერნატივაზე, დანარჩენი 7 მთავარ მოთხოვნაზე კი შეთანხმება შედგა.

„შედეგიანი შეხვედრები გვქონდა. პრაქტიკულად 7 საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. რა თქმა უნდა, ნიუანსებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება ტვირთბრუნვის რისკს, არის ალტერნატიული ვერსიები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ჩართულობაზე. ამ ალტერნატიულ ვარიანტზეც ვიმუშავებთ და უახლოეს მომავალში დამატებითი განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა 21 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB), რომლებიც პროექტს 400 მილიონი დოლარით აფინანსებენ, საქართველოს მთავრობასთან სულ 8 მოთხოვნა აქვთ.

საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად სწორედ კომერციული რისკების დაზღვევას ასახელებენ.

21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG