Accessibility links

ანაკლიის პორტი: რა გარანტიებს ითხოვენ მსხვილი ბანკები?


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ იმ 8-პუნქტიანი მოთხოვნების შინაარსს განმარტავს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი პირობაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო თანხის - 400 მილიონ დოლარიანი სესხის მისაღებად.

ლაპარაკია ავტორიტეტიან მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებზე, რომლებსაც, მრავალი წლის განმავლობაში, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს განვითარებაში. ესენია:

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD),
  • აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC),
  • აზიის განვითარების ბანკი (ADB),
  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).

8-პუნქტიანი მოთხოვნების ამსახველი დოკუმენტი არ არის საჯარო. თუმცა 21 მარტს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, მის დეტალებზე ილაპარაკა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

რადიო თავისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ მიიღო განმარტებები კრედიტორთა მიერ წამოყენებული 8 პუნქტის შესახებ:

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული

სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მერეო ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი.

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი

სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.

3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზისა და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში

თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, ინვესტორი ნახავს ზარალს, ბანკებს ვერ გადაუხდის სესხს. შესაბამისად, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა და უნდა აანაზღაუროს ზარალი.

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი

აქ საუბარია უფრო ბანკების მიერ სესხის გასხვისებაზე ან კრედიტორის ჩანაცვლებაზე. მთავრობის პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს სესხების გადაფორმება ისეთ მხარეზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს. ამას ბანკებიც ეთანხმებიან.

5. სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები

სახელმწიფოს ოქროს აქციას აქვს ძალიან ფართო უფლებები. ბანკები მოითხოვენ უფლებების გარკვეულ შეკვეცას.

6. სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში

დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური ფორსმაჟორი არის სახალხო არეულობა, რევოლუცია, ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვა, მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევა, ქიმიური და სხვა რადიაქტიული ინფიცირება.

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება

ამჟამად, საინვესტიციო ხელშეკრულებით, ძალიან ვიწროა საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ეს სია უნდა გაფართოვდეს, რომ ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.

8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში 400 მლნ დოლარის სესხი სახელმწიფომ დაფაროს

კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.

მთავრობის წევრების განმარტებით, ყველაზე რთულად შესათანხმებელ საკითხს წარმოადგენს ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა. თუმცა 21 მარტს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მიუღებლად შეაფასა 8-პუნქტიანი შეთანხმების არაერთი ასპექტი.

მომდევნო შეხვედრა აპრილში იგეგმება და თუკი სახელმწიფოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის მშენებლობის პროცესს გამოეთიშოს. სახელმწიფო აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად მონაწილეობს და დაინტერესებულია, რომ მშენებლობა კონსორციუმმა გააგრძელოს. ჯერჯერობით კონსორციუმშიც იმედოვნებენ, რომ საერთო ენის გამონახვა მოხერხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG