Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას უარყოფენ


"ჯორჯიან მანგანეზის" მაღარო ჭიათურაში
"ჯორჯიან მანგანეზის" მაღარო ჭიათურაში

ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციაში ამჟამად 500-მდე ადამიანი მონაწილეობს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სამხარაძემ.

მისი ინფორმაციით, შიმშილობას განაგრძობს 14 ადამიანი, კიდევ 150-მდე მაღაროელს კი ქალაქის 13 სხვადასხვა ადგილი აქვს გადაკეტილი, რათა არ მოხდეს მარგანეცის გატანა.

სამხარაძის ცნობით, ერთმა მაღაროელმა შიმშილობა შეწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა 15 მაისიდან, შიმშილობის აქცია კი 17 მაისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჭიათურის ცენტრში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და მერიის მახლობლად იმყოფებიან.

პაატა სამხარაძის განცხადებით, გაფიცულმა მაღაროელებმა თავდაპირველი მოთხოვნა, ხელფასის 50%-ით გაზრდა შეცვალეს და „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მოითხოვეს 30%-იანი მატება უპირობოდ ყველასთვის, რასაც ადმინისტრაცია არ დათანხმდა.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზისგან“ შეთავაზებულ 25%-იან მატებას, პაატა სამხარაძის განმარტებით, მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში.

სამხარაძე უარყოფს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა და არღვევს კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს. მისი ინფორმაციით, ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში ეწერა, რომ იანვრიდან განიხილავდნენ და კვლავ მოხდებოდა ხელფასის მატება. „რადგან ეს არ მოხდა, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ გავფიცულიყავით“ - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

პროფკავშირების წარმომადგენელი უარყოფს „ჯორჯიან მანგანეზის“ ამასწინანდელ განცხადებასაც, რომ მაღაროელთა გაფიცვას შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა ჭიათურაში მერის რიგგარეშე არჩევნებთან.

პაატა სამხარაძის თქმით, მაღაროელების გაფიცვას რომ პოლიტიკური მოტივი არ აქვს და 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებსაც არ უკავშირდებოდა, ის ადასტურებს, რომ ჭიათურაში არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

პაატა სამხარაძის ინფორმაციით, გადაწყვიტეს, რომ ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე არჩევნების დღეს დარჩებოდნენ მხოლოდ მოშიმშილეები, სხვა მაღაროელები კი უბნებზე მივიდოდნენ და თავის სამოქალაქო პოზიციას დააფიქსირებდნენ.

„ყველამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ამისთვის თვითონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოვიდნენ და მადლობა გადაუხადეს ყველას“ - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

XS
SM
MD
LG