Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა დარსალია: ხვალ გაირკვევა რა სამუშაოებს ატარებს გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარე


ლაშა დარსალია
ლაშა დარსალია

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ „ინტერპრესნიუსს“ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის მოადგილის თქმით,აზერბაიჯანულმა მხარემ საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყო გარკვეული სამუშაოები, რაზეც დეტალურად კომისიის ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

„დღეს ძირითადი ნაწილი საექსპერტო დონის შეხვედრა იყო, სადაც პოზიციები და ჩვენი არგუმენტები გავაცანით ერთმანეთს. ხვალ გაგრძელდება მუშაობა. ამიტომ რაიმე შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი. საქართველოს კონტროლირებად ან რაიმე სადავო ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ გარკვეული მიწის სამუშაოებს ატარებს აზერბაიჯანული მხარე.

დღეს ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოვითხოვეთ. როგორც თავად ამბობენ, ისინი თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებენ რაღაც სამუშაოებს, მაგრამ ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, თავის კოორდინატებით და ა.შ. ახლა კი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება”, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 2/3 შეთანხმებულია და შესათანხმებელი დარჩა 1/3.

დღეს ბაქოში დაიწყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის პირველი სხდომა.

დღესვე, 23 მაისს გიდმა ზვიად ანანიაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ზვიად ანანიაშვილის თანახმად, ამ მიზნით ადგილზე მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა და სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი დავით ქაცარავაც. იგი ამბობს, რომ გზის გამყვანი ტექნიკის სამუშაოების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა მათ საპატრულო ჯგუფისგან მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG