Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკავშირდება თუ არა სამშენებლო ტექნიკის მობილიზება გარეჯში 28 მაისს აზერბაიჯანის დღის აღნიშვნას? 


„მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. იგი ამბობს, რომ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია გარეჯში, რომელი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ტექნიკის მობილიზება.

„ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება. იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა 23 მაისს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ზვიად ანანიაშვილის თანახმად, ამ მიზნით ადგილზე მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა და სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი დავით ქაცარავაც. იგი ამბობს, რომ გზის გამყვანი ტექნიკის სამუშაოების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა მათ საპატრულო ჯგუფისგან მიიღეს.

ფეისბუკში შექმნილი აზერბაიჯანული გვერდის, „ქეშიქჩიდაღი ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის“ მიხედვით, 28 მაისს დავით გარეჯში აზერბაიჯანის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი. აზერბაიჯანულად გარეჯს ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. ფეისბუკის გვერდის თანახმად, 28 მაისს ქეშიქჩიდაღში საავტომობილო რალი უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG