Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქნახშირი: მუშას, რომელიც ქვანახშირის მასის ქვეშ მოჰყვა, 27 მაისს სამუშაო დღე არ ჰქონდა


„საქნახშირის“ ინფორმაციით, 55 წლის მუშას, რომელიც ტყიბულში, ქვანახშირის მასის ქვეშ მოჰყვა, 27 მაისს სამუშაო დღე არ ჰქონდა.

„საქნახშირი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც მიუთითებს, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც „საქნახშირმა“ რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ზომები გაეტარებინათ.

„კომპანია ფლობდა ინფორმაციას რომ კონტრაქტორები პერიოდულად ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში. აქვე ვადასტურებთ რომ აღნიშნული პიროვნება 2010 წლიდან არის „საქნახშირის“ თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად, ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა“, - აღნიშნულია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტყიბულში ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. მას ამ დრომდე ეძებს სამაშველო სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG