ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქციით გააპროტესტეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ედიშერ მუშკუდიანის და ოპერატორის ბაკურ ჩიხლაძის ცემის ფაქტი და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ედიშერ მუშკუდიანის ცემაში მონაწილე ორი პირი 3 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლდნენ.
პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ცემაში მონაწილე პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 9 ივლისსა დანიშნული.
„უარი შერჩევით სამართალს“, „ სოლიდარობა გვაძლიერებს“, „ ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა დასჯადია“, „ვგმობთ ძალადობას“, „ჟურნალისტი ხალხის სამსახურშია“ - ამ გზავნილებით გააპროტესტეს ჟურნალისტებმა კოლეგების ცემის ფაქტი.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე თვლის, რომ ჟურნალისტების მიმართ საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ნაწილობრივ ქმნის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები: „ზოგიერთი განცხადება ახდენს ჟურნალისტების მარგინალიზებას და აყალიბებს განწყობას საზოგადოებაში, რომ თუკი ჟურნალისტი მისთვის მისაღებ პოზიციას არ აფიქსირებს, საზოგადოებას უფლება აქვს, რომ მას დაუპირისპირდნენ და ცემონ კიდეც“.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს 23 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში გაუსწორდნენ ფიზიკურად. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა „კურიერის“ ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
ედიშერ მუშკუდიანი მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, ჟურნალისტი საავადმყოფოდან 28 მაისს გაწერეს.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ცენტრის ექიმების დიაგნოზით, მას აქვს ქალაფუძის მოტეხილობა, ქალატვინის ღია ტრავმა, თვალის ბუდის მოტეხილობა, პლევმოცეფალია, მარჯვენა თვალის კაკლის დაჟეჟილობა, ცხვირის ზედაპირული ტრავმა და ცხვირის ღია ჭრილობა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.