Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ყველა აქტივობა შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის აუცილებლობის შესახებ, შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრთან.

4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერს, ხატია მოისწრაფიშვილს ჰკითხეს, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეთანხმებული მთავრობის მეთაურთან.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს განცხადება იყო შეთანხმებული პრემიერ-მინისტრთან” - თქვა ხატია მოისწაფიშვილმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თებერვალში, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი საბოლოოდ უნდა დადგინდეს, ამიტომ გადაწყვიტეს, შესაბამის კომისიებს მისცენ მუშაობის განახლების მითითება.

პრეზიდენტის ამ განცხადებიდან დაახლოებით ორ თვეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზა რამდენიმე დღით დაკეტეს, რასაც საქართევლოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებმა განაახლეს წლების განმავლობაში შეჩერებული მუშაობა. მაისში კომისიების შეხვედრა ბაქოში გაიმართა, მომდევნო სხდომა კი თბილისში შედგება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ორი მესამედი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG