Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჟურნალისტები და აქტივისტები აპროტესტებენ გამომძიებელი რეპორტიორის დაკავებას


ჟურნალისტები, აქტივისტები და რუსი გამომძიებელი რეპორტიორის, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით წინასწარ შინაპატიმრობაში მოთავსებული ივან გოლუნოვის სხვა მხარდამჭერები 12 ივნისს მოსკოვში გეგმავენ აქციის ჩატარებას, მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

ფეისბუკზე 10 ივნისს განთავსებულ განცხადებაში, რუსეთში რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალების თანამშრომლები ამბობენ, რომ არ აპირებენ ქალაქის მესვეურებს მიმართონ აქციის ჩატარების ნებართვაზე. მათ სურთ რუსეთის მთავრობაზე გაძლიერდეს ზეწოლა, რათა გოლუნოვს მოეხსნას ბრალდებები, რომლებსაც თავად ჟურნალისტი და მისი მხარდამჭერები შეთითხნილად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ჟურნალისტების თქმით, დემონსტრაციის დროს მათ ხელში ეჭირებათ გოლუნოვის მიერ დაწერილი სტატიები. გოლუნოვს გასულ კვირაში ბრალად წაუყენეს ნარკოტიკების დიდი რაოდენობის გაყიდვის მცდელობა და ის შინაპატიმრობაში მოათავსეს. დემონსტრანტები მოითხოვენ გოლუნოვის გათავისუფლებას და იმ პირების დასჯას, ვინც, მათი თქმით, გოლუნოვის ზურგჩანთაში და მის ბინაში ნარკოტიკები განათავსა.

რუსეთის სამმა წამყვანმა, არასახელმწიფო გაზეთმა პროტესტის ნიშნად დაბეჭდა იდენტური მთავარი გვერდი, რომლითაც კითხვებს სვამს გულუნოვის დაკავების მოტივაციაზე. პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას გოლუნოვი დაშავდა.

XS
SM
MD
LG