Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს


საარჩევნო უბანი ოკუპირებულ ცხინვალში
საარჩევნო უბანი ოკუპირებულ ცხინვალში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 9 ივნისის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები. ცხინვალში ამ შედეგებს 10 ივნისს, დღის პირველ ნახევარში ელოდებოდნენ, თუმცა, მონაცემები მხოლოდ საღამოს გამოქვეყნდა.

ამ შედეგების მიხედვით, ხმების 34,96%-ით პირველ ადგილზეა დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთი,“ თუმცა მან ე.წ. პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა.

„ერთიან ოსეთს“ 21,80%-ით მოსდევს ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მიერ მხარდაჭერილი „სახალხო პარტია.“ მესამე ადგილზეა პარტია „ნიხასი“ 14,37%-ით. სოციალისტურმა პარტიამ „ხალხის ერთობა“ 12,96% მიიღო, კომუნისტებმა 7,29%, კიდევ ერთმა სოციალისტურმა პარტიამ „ფიდიბასტამ“ 3,20% და პარტია „ერთობამ“ 2,83%.

ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან „სახალხო პარტია,“ „ნიხასი“ და „ფიდიბასტა.“ მათი მტკიცებით, „ერთიანმა ოსეთმა“ მოისყიდა ამომრჩეველი, რომელმაც ხმა ვლადიკავკაზში მისცა, ამიტომ იქაური შედეგები უნდა გაუქმდეს.

პარტიებმა წარმოადგინეს ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, „ერთიანი ოსეთის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ურუზმაგ მაკოევი ვლადიკავკაზში ფულს არიგებს და ამომრჩეველს სთავაზობს ნომერი ექვსის, ანუ „ერთიანი ოსეთის“ შემოხაზვას. ამ ფაქტის გამო პარტიებმა „ნიხასმა“ და „ფიდიბასტამ“ დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას მიმართეს.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა, რომ სავარაუდო ფაქტს შეამოწმებენ, თუმცა, ჯერჯერობით ვიდეოჩანაწერში საშინელება არ უნახავს.

ვლადიკავკაზში ხმა მისცა 2500-მდე ამომრჩეველმა და მათგან 60%-მა მხარი „ერთიან ოსეთს“ დაუჭირა.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ცხინვალის ცენტრში ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდნენ დეპუტატობის კანდიდატები.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, დაიჭრა პარტია „ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენელი ალან ტადტაევი, რომელმაც თავი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას შეაფარა და პირველი სამედიცინო დახმარებაც იქ გაუწიეს. ინციდენტში მონაწილეობდა დეპუტატობის კიდევ ორი კანდიდატი, ალან ზასეევი და ვალერი კოკოევი.

XS
SM
MD
LG