პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას და „ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დარბაზიდან ბოკერიას გაძევება მოითხოვა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ზაზა პაპუაშვილმა.
მან კოლეგების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა გიგა ბოკერია, რომელმაც პარლამენტის რამდენიმე წევრი მოიხსენია ყველაზე დანაშაულებრივი კომუნისტური რეჟიმის "ცეკას მდივნად" და "პარტკომად."
პაპუაშვილმა მოითხოვა, რომ ბოკერიამ კოლეგებს ბოდიში მოუხადოს.
ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, გიგა ბოკერია დარბაზიდან გააძევოს, რადგან იმაზე, რაც მერე მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და სხვებსაც, "ვინც ამას იტანს."
პაპუაშვილის გამოსვლა ძალადობისკენ მოწოდებად შეაფასა პარლამენტის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავამ და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, სათანადო რეაგირება მოახდინოს.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს შესთავაზა ეთიკის საბჭოს ფარგლებში იმსჯელონ იმაზე, თუ ვინ როგორ შეუწყო ხელი საპარლამენტო მუშაობის მშვიდ რეჟიმში წარმართვას.