Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესომბუდსმენი პრემიერს, ბიზნესგაერთიანებები კი ფინანსთა მინისტრს მიმართავენ


ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს და პრემიერისგან იმ გადაწყვეტილების ამოქმედების ვადის გადაწევას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, ე.წ. „ოქროს სიის“ წევრ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ.

“მტკივნეული საკითხი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ ბიზნესისთვის სიურპრიზი იყო და ახლა მათ უწევთ მთლიანი ფინანსების გადაწყობა, რაც საკმაოდ რთულია. ამიტომ გადავწყვიტეთ დღესვე მივმართოთ მთავრობას, რომ ან გადავადდეს ამ გადაწყვეტილების ამოქმედება, ან დარჩეს სტატუს-კვო,”- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

10 ივნისს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ცნობილი გახდა, რომ ივანე მაჭავარიანი ბრძანების ამოქმედების გადავადებაზე უარს ამბობს.

ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ე.წ ოქროს სიაში მყოფ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. აქამდე იმპორტის გადასახდელებს ბიზნესი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღეში იხდიდა, გარდა ე.წ ოქროს სიის წევრებისა.

მინისტრის 2019 წლის 31 მაისის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წელს გამოცემული ბრძანების 51-ე მუხლის მე-7 პუნქტში.

ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება 2019 წლის 12 ივნისს, ხოლო სხვა შემთხვევაში 2 ივლისს.

ფინანსთა მინისტრს 12 ივნისს ერთობლივი წერილით მიმართავს საქართველოში მოქმედი 10 ბიზნესგაერთიანება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმართვის მიზანია ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთდეს ოფიციალური და საჯარო განმარტებები მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ჯერჯერობით მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ხდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის ბრძანების თანახმად, რაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების გაფორმებას გულისხმობს, ე.წ. „ოქროს სიის“ მონაწილე არის პირი, რომელიც სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადით. ოქროს სიის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებს შორისაა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება და ასევე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი, არანაკლებ 5 მილიონი ლარისა; გადახდილი იმპორტის იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა, არანაკლებ 100-ისა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, „ოქროს სია“ სულ 217 კომპანიას აერთიანებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG