Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: სასიამოვნოა ვაშინგტონში დაბრუნება, განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად


„საქართველოს ბევრი მიღწევა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების პირდაპირი შედეგია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ მაიკ პომპეოს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო მდივანო, მადლობას გიხდით თბილი მიღებისთვის და საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის. სასიამოვნოა ვაშინგტონში დაბრუნება, განსაკუთრებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად.

2008 წელს რუსეთი შეიჭრა და მოახდინა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და აშშ-მა შექმნეს პლატფორმა საქართველოს აღსადგენად, ინსტიტუტების გაძლიერებით, დემოკრატიის განვითარებით, კანონის უზენაესობის განმტკიცებით, სამხედრო თანამშრომლობისა და ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტების გაფართოებით.

საქართველოს ბევრი მიღწევა არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების პირდაპირი შედეგი, რომლის დაწყებიდანაც ათი წლისთავს აღვნიშნავთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ აშშ-სთან განვავითარეთ დინამიკური, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ჩვენმა კავშირებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის არ დაიშუროს ძალისხმევა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

მისივე თქმით, საქართველო მადლობელია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG