Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში უდიდესი პანო „კოლხეთი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს


„პანო „კოლხეთი“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს, რაც ნიშნავს, რომ დაცული იქნება ისევე, როგორც სხვა ძეგლები და მათ შორის ბაგრატის ტაძარი“, აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელი როლანდ ისაკაძე.

მისი ინფორმაციით, პოსტ- საბჭოთა ქვეყნებში, ზომით ერთ- ერთი ყველაზე დიდი ზომის პანოს ავტორის ბერნარდ ნებიერიძის ოჯახმა სააგენტოს მიმართა აღიარების თხოვნით და მომზადდა თიხისგან დამზადებული გორელიეფის პასპორტი, სააღრიცხვო ბარათი და ფოტომასალა, რის საფუძველზეც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭომ პანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. როლანდ ისაკაძის განცხადებითვე, უკვე დაუშვებელია პანოს მიმდებარედ50 მეტის რადიუსში საბჭოსთან შეუთანხმებლად რაიმე მშენებლობის წარმოება და თუნდაც დროებითი კონსტრუქციის აგება.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერამიკული პანოს - „კოლხეთის“ - ავტორის, ბერნარდ ნებიერიძის, ოჯახი გასული წლის მაისშიეწინააღმდეგებოდაპანოს მიმდებარედ ღია კაფესა და სავაჭრო პავილიონის მოწყობას და პანოს სხვაგან გადატანას მოითხოვდა. პანოს მიმდებარედ ღია კაფე აღარ მოეწყო, თუმცა საახალწლოდ აქ ხის პავილიონი შესაბამისი ნებართვით განათავსა აგრარული ბაზრის მმართველი შპს „ფარის“ ადმინისტრაციამ და ქუთაისის მერიამ დროებით მოაწყო სავაჭრო დახლები საახალწლო აქსესუარებით მოვაჭრეებისთვის. დროებითი დახლები დღესასწაულის შემდეგ მერიამ აიღო. ხის პავილიონი კი ამ დრომდე რჩება და მასში რელიგიური ხასიათის ნივთები და ტრადიციული სუვენირები იყიდება.

217 კვადრატულ მეტრზე შექმნილი გორელიეფი ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, აგრარული ბაზრის მახლობლად, ფალიაშვილის ქუჩის 15 ნომერში მდებარე შენობის ფასადზეა განთავსებული. მასზე გამოსახულია მითოლოგიური და ისტორიული პერსონაჟები, ქუთაისთან დაკავშირებულ მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ქალაქის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.

პანოზე ფიგურების დიდი ნაწილი ზედაპირიდან 70%-ზე მეტითაა ამოწეული და ამიტომ მას გორელიეფი ეწოდება. კერამიკული პანო 10 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მხატვარ-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძემ გორელიეფზე მუშაობა 1982 წელს დაიწყო და მისმა მეგობრებმა ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ დაასრულეს.

XS
SM
MD
LG