კანცელარიასთან მიმდინარე პროცესებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეხმაურებიან.
კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და მათ მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს.
რადიო თავისუფლებას სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ პარტია დღეს ამ საკითხზე რაიმე სახის განცხადების გავრცელებას არ გეგმავს.
მცდელობის მიუხედავად, პარტიის სხვადასხვა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება. მისი აპარატი ინფორმაციას არ ფლობს, აპირებს თუ არა პრემიერი დღეს რაიმე სახის გამოხმაურებას.
მიმდინარე პროცესებს არ გამოხმაურებიან არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პარლამენტის თავმჯდომარე.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დარჩებიან მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები - მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს „თბილისი პრაიდის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.
14 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმეს. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტქ თემის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარება.
"ღირსების მარში" დაგეგმილია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის (18-23 ივნისი) ფარგლებში. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს.