"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს.
გიგი უგულავას აზრით, გუშინ გამოჩნდა საფრთხე, რომ ქართული ეკლესია რუსულს დაემსგავსოს, რომელიც ძალაუფლებისა და იდეოლოგიის მსახურია. გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ბატონი ლევან ვასაძე და ბატონი ფალავანდიშვილი ეკლესიით სპეკულირებენ".
„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ - მოძალადეები, ადამიანის შეურაცხმყოფელები, ადამიანის დამცინავები და ა.შ. მზად იყვნენ უმწეო ადამიანები გაეგლიჯათ. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან... ის, რასაც ვასაძე და მისი მეგობრები ქადაგებენ - ძალადობა, გაუტანლობა - პირდაპირ რუსული ნარატივია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ამ ქვეყნის ბედი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ეკლესია რუსეთის ეკლესიას არ დაემსგავსოს..." - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ ასევე ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. მისი აზრით, "სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება. მე ყველას პრეზიდენტი ვარ, მაგრამ... არავითარი მაგრამ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოძალადეს და მსხვერპლს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს კატასტროფული ნიშანია..."
გიგი უგალავა აცხადებს, რომ ლევან ვასაძის ადგილი, მისი განცხადებების გამო, წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო რაც ხდება, ამაზე პასუხისმგებელია ივანიშვილი, რომელმაც "ქვეყანა დაალპო":
"დღეს რაც წავიკითხე ლევან ვასაძის განცხადებები, იმ მუქარის გამო, მისი ადგილი წინასწარ პატიმრობაშია. ეს ხელისუფლება დავით ლორთქიფანიძის პიჯაკისთვის სამ ადამიანს იჭერს და ადამიანს, რომელიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს, დამსახურებულ მოქალაქედ წარმოაჩენს. ეს ყველაფერი რაც ხდება, არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანა დაალპო ბიძინა ივანიშვილმა".