Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტია გამოცხადდება


თბილისის ხედი
თბილისის ხედი

თბილისის მერია ამნისტიას გამოაცხადებს უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე.

დედაქლაქის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განმარტა, რომ ამნისტია გამოცხადდება უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში.

კალაძის ინფორმაციით, ამნისტია არ შეეხება უსაფრთხოების და ქალაქის ვიზუალური სტანდარტის დარღვევებს, მაგრამ გავრცელდება სხვა ისეთ დარღვევებზე, რომელთა გამოსწორება უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით.

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში 600-ზე მეტი დასრულებული, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტია და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ ყოვლისა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

„მაგალითად, კრედიტის ასაღებად თუ ესაჭიროება ბინის ჩადება, არც ერთი ბანკი საცხოვრებელ ფართს, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, არ ჩადებს. შესაბამისად, ასეთი შენობა-ნაგებობების და იმ დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მომავალ კვირაში გაიმართება პრეზენტაცია და საზოგადოებას დეტალურად წარედგინება ინფორმაცია, თუ ვის შეეხება ამნისტია.

ამასთან, კვლავ აიკრძალება ცხოვრება იმ შენობებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

„2009 წელს გაუქმდა აქტი და ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესაძლებელი გახდა ადამიანების შესახლება და ცხოვრება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ხელშეწყობა მომხდარიყო, თუმცა, დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და გვინდა რომ ეს აქტი, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, დავაბრუნოთ ძალაში" - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG