Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშენებლობის ზოგიერთი წესის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება


თბილისის ხედი
თბილისის ხედი

თბილისის მერიამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით მშენებლობის ზოგიერთი წესის დარღვევა არა ადმინისტარციულ, არამედ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„მუნიციპალიტეტის არცთუ ისე ძლიერია ასეთი ტიპის დარღვევების აღკვეთის კუთხით, რადგან ზოგადად, პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც მოქმედებს, მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები პირდაპირ თუ ირიბად მაინც ახერხებენ ეკონომიკური სარგებლის მიღებას“ - განაცხადა 19 ივნისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

მისი შეფასებით, უკანონო მშენებლობების გამო ჯარიმების გაათმაგებამ გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით იღებენ.

შესაბამისად, კალაძის თქმით, თბილისის მერია იძულებული გახდა რადიკალური ცვლილებები განახორციელოს.

„ეს ცვლილებები ითვალისწინებს ზოგიერთი სამშენებლო მიმართულების დარღვევის სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას. ანუ, თუ იყო ადმინისტრაციული, უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება K1 და K2 პარამეტრის დარღვევის, სიმაღლის პარამეტრის დარღვევის, უნებართვო მშენებლობის და მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების აქტის შეუსრულებლობისთვის“ - განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თბილისის მერიის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG