Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ თანამებრძოლებს მოუწოდა, ძალადობას გაემიჯნონ


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან,“ გაემიჯნონ თბილისში მომხდარ ძალადობას.

„გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას არ აქვს პოლიტიკური მოთხოვნები. „მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რომ საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას, ქართული საზოგადოება არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს პარლამენტში“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განლაგებულ სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

პარლამენტში ძალით შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ. ორივე მხრიდან დაშავდა 240-მდე ადამიანი. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლებამ ჯერ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, თითქმის მაშინვე დაიწყო ძალის გამოყენებაც.

XS
SM
MD
LG