Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ემოციურ ფონზე პროექტები არ დავივიწყოთ


"დავამთავრეთ კონკრეტული პროექტი, მაგრამ სანამ ამ პროექტზე დავიწყებ საუბარს, მინდა გამოვეხმაურო დედაქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც რა თქმა უნდა იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე." - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 23 ივნისს მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი პანდუსის პროექტის გახსნისთვის ჩაწერილ ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში.

"რაც 20 ივნისის საღამოს მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პოლიტიკური შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ამას, რა თქმა უნდა, ამ ლიდერების მიმართულებით აუცლებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.

რა თქმა უნდა, ამ ემოციურ ფონზე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ქალაქსა და ქვეყანაში განსახორციელებელი პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

შესაბამისად, მე დღეს მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც არის მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორკვანძიანი პანდუსი, დღეს დამთავრებულია. დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს, აქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ კონკრეტული გზით, ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა” - თქვა ქალაქის მერმა.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ერთი წელია მუშაობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობაზე.

გზაგამტარის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

"იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს სამსახურში, 24 საათიან რეჟიმში გემსახურებით თქვენ, იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე კომფორტული საცხოვრებლად" - თქვა კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG