Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი გამოძიების მასალებზე სრულ წვდომას ითხოვს


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიებაში სახალხო დამცველის საზედამხედველო უფლებამოსილებით ჩართვის შესახებ, მისასალმებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მის აპარატს სრული წვდომა ექნება მიმდინარე გამოძიების მასალებზე.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველი ჩაერთვება გამოძიების პროცესში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით და მისი ჩართულობა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე.

ამ მიზნით, სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, სადაც მიწვეულნი იქნებიან ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები. სახალხო დამცველი თავის საქმიანობას წარმართავს ჯგუფთან კონსულტაციის და მათთვის გამოძიების თაობაზე მაქსიმალურად შესაძლებელი ინფორმაციის მიწოდების გზით.

ამასთან, სახალხო დამცველი აპირებს იმუშაოს არა მხოლოდ 21 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ, შეისწავლოს და შეაფასოს ქვეყანაში აქციების მართვასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები.

„ფაქტია, რომ ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია როგორც აქციების და კონტრაქციების მართვასთან, ისე მისი დაშლის გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მაქსიმალური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს არა მხოლოდ პროკურატურას, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და სხვა უწყებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG