Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: იწყება რეპრესიები და ბოლშევიკური ტერორი


ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები და ბოლშევიკური ტერორი. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, „განწირული ხელისუფლებისთვის“ მნიშვნელოვანია ყურადღების გადატანა ძიძგილაობასა და დაპირისპირებებზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ.

ვაშაძის განცხადებით, დაანონსებულ დაკავებას არაფერი აქვს საერთო სამართალთან და ის მთლიანად ასახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ შურისძიებას.

„იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამ კოლაბორაციულმა ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ დააკავებენ არა "გაერთიანებული ოპოზიციის", არამედ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ ეს ბოლო დაკავება არ არის, ამას კიდევ ბევრი სხვა დაკავება მოჰყვება. ახლა განწირული ხელისუფლებისთვის, მთავარია ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ“, - გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული, მის ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრის.

„ადამიანმა ერთი, რაც თქვა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ვინახავთ ჩვენი ფულით“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ საგანგებო პრესკონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ნიკა მელია ხვალ არის დაბარებული საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროკურატურის თანახმად, „საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით".

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

პარლამენტის ბიურომ განიხილა გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით და საკითხი განსახილველად კომიტეტებს გადასცა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატით გათვალისწინებული იმუნიტეტის შეჩერების შესახებ საკითხს იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავენ. კომიტეტებს განსახილველად 5-დღიანი ვადა აქვს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, კომიტეტების სხდომა საკითხის განსახილველად ხვალვე დაინიშნა.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG